პეპ გვარდიოლა - ესპანეთი ხდება ავტორიტარული სახელმწიფო
პეპ გვარდიოლა - ესპანეთი ხდება ავტორიტარული სახელმწიფო

რამდენიმე დღის წინ, ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ განაჩენი გამოუტანა 12 პოლიტიკოსს, რომლებმაც 2017 წელს კატალონიის დამოუკიდებლობაზე რეფერენდუმის ჩატარებაში მიიღეს მონაწილეობა. ცხრა პოლიტიკოსს ბრალი წაუყენეს ამბოხებაში. მათ მიიღეს ცხრიდან 13 წლამდე ვადით პატიმრობა. კიდევ სამს ჯარიმა აკმარეს. ამ ფაქტს გამოეხმაურა „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა.

„თავისი დადგენილებით, ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ პირდაპირი შეტევა მიიტანა ადამიანის უფლებებზე, მათ შორის, შეკრებებისა და დემონსტრაციების უფლებაზე, თვითგამოხატვის უფლებასა და სამართლიან სასამართლოზე. ეს მიუღებელია XXI საუკუნის ევროპაში. ესპანეთი ხდება ავტორიტარული სახელმწიფო, რომელიც იყენებს ანტიტერორისტულ კანონებს იმისათვის, რათა დამნაშავეები უწოდოს მათ, ვინც არ ეთანხმება გარკვეულ მოსაზრებას.

ადამიანები, რომლებიც დღეს დააპატიმრეს, წარმოადგენენ პოლიტიკური პარტიების უმრავლესობასა და ყველაზე მნიშვნელოვან საზოგადოებრივ სტრუქტურებს კატალონიაში. ესპანეთის მთავრობის არცერთ წევრს არ ეყო სიმამაცე იმისათვის, რომ ეს კონფლიქტი დიალოგით გადაეწყვიტა. მათ ერთადერთ პასუხად რეპრესიები აირჩიეს.

ესპანეთის მხრიდან ეს არ არის ქსენოფობია ან ეგოიზმი. ხელისუფლება, უბრალოდ, იყენებს ძალას, რათა შეზღუდოს მრავალფეროვნება. ჩვენ არ შევწყვეტთ ბრძოლას, სანამ რეპრესიები არ შეჩერდება და არ იქნება დაცული ჩვენი უფლება თვითგამორკვევაზე, როგორც ეს გაკეთდა შოტლანდიასა და კვებეკში.

ჩვენ ვითხოვთ ესპანეთის მთავრობისგან საკითხის დემოკრატიულ გადაწყვეტას. რას ვითხოვთ? ესპანეთო, მოდი დავსხდეთ და დავილაპარაკოთ. ჩვენ ვთხოვთ საერთაშორისო საზოგადოებას ზემოქმედება იქონიონ მათ მთავრობაზე, რათა ის ჩაერიოს კონფლიქტში და იპოვოს პოლიტიკური და დემოკრატიული გადაწყვეტილება“, – განაცხადა „მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ „მარკასთან“ კომენტარში.