პეპ გვარდიოლა ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ - ისტორიულად „ინტერი“ „სიტიზე“ დიდი გუნდია, თუმცა მთავარია, ფინალში საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ #1TVSPORT
პეპ გვარდიოლა ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ - ისტორიულად „ინტერი“ „სიტიზე“ დიდი გუნდია, თუმცა მთავარია, ფინალში საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ „მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ესპანელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ისტორიულად „ინტერი“ „სიტიზე“ დიდი გუნდია, თუმცა ამ ფაქტორს უშაულოდ მატჩის დროს დიდი მნიშვნელობა არ ექნება.

„ვიცით, რა მნიშვნელობის ტურნირზე ვსაუბრობთ ახლა. არ აქვს მნიშვნელობა, რას ფიქრობს ხალხი, მთავარია მატჩზე ფოკუსირება არ დავკარგოთ და ჩვენი საქმე შევასრულოთ. „ინტერის“ უამრავი თამაში ვნახე. ვფიქრობ, გუნდი, რომელიც 95 წუთის მანძილზე უკეთესი იქნება, გამარჯვებულიც ის იქნება.

ისტორიულად „ინტერი“ „სიტიზე“ დიდი გუნდია, თუმცა ეს მნიშვნელოვანი არ არის. მთავარია, უშუალოდ ფინალური მატჩის დროს რა მოხდება, ჩვენი საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ.

თამაშისთვის ჩემს ფეხბურთელებს საკმარისი ენერგია ექნებათ. მენტალური თვალსაზრისით კი ორივე გუნდი ძალიან მოტივირებული გავა მოედანზე.

ფინალში ორი წლის წინაც ვითამაშეთ, თუმცა ახლა განსხვავებული სიტუაციაა. მაშინ მოსამზადებლად დიდი დრო გვქონდა, ახლა კი – მხოლოდ ერთი კვირა. გასულ უქმეებზე „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ჩატარებული სათასო შეხვედრა, შესაძლოა, ჩვენთვის დადებითის მომტანი აღმოჩნდეს. კიდევ ერთი შანსი გვაქვს დავამტკიცოთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლია.

უკანასკნელი ხუთი-ექვსი წლის მანძილზე პრემიერლიგაში ბევრმა გუნდმა ითამაშა ხუთმცველიანი სქემით, მაგრამ ისინი ორ თავდამსხმელს იყენებენ, რაც მათ ტაქტიკას გამოარჩევს. „ინტერი“ თავს შესანიშნავად იცავს. გახსნილ თამაშს არ ველით, მთავარია, არ ვინერვიულოთ. შესაძლოა, მატჩის დასაწყისში ბევრი საგოლე შანსი არ გვქონდეს, თუმცა ის უნდა გავაკეთოთ, რაც ვიცით“, – განაცხადა პეპ გვარდიოლამ.

„მანჩესტერ სიტისა“ და „ინტერის“ ფინალური დაპირისპირება სტამბულში, „ათათურქის ოლიმპიურ სტადიონზე“ თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.