პეპ გვარდიოლა - ჩავი „ბარსელონას“ მწვრთნელობისთვის მზადაა #1TVSPORT
პეპ გვარდიოლა - ჩავი „ბარსელონას“ მწვრთნელობისთვის მზადაა #1TVSPORT

ლეგენდარული ესპანელი ნახევარმცველი ჩავი მზადაა „ბარსელონაში“ დასაბრუნებლად. მას შემდეგ რაც კატალონიურმა კლუბმა წარუმატებელი სერიის შემდეგ ნიდერლანდელი სპეციალისტი, რონალდ კუმანი დაითხოვა, პრესაში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ მთავარი მწვრთნელის ადგილს ჩავი დაიკავებს.

ცოტა ხნის წინ გუნდის პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ დაადასტურა, რომ ის 41 წლის მწვრთნელთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. „ბარსელონას“ პრესსამსახურმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ რონალდ კუმანის წასვლის შემდეგ, გუნდის მთავარი მწვრთნელის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი სერხი ბარხუანი იქნება.

ჩავის „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლის შესახებ კომენტარი „მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა და კატალონიური კლუბის ყოფილმა დამრიგებელმა, პეპ გვარდიოლამაც გააკეთა.

„თუ ჩავი „ბარსაში“ გადავა, ეჭვი არ მეპარება, რომ ის მზადაა საქმის შესასრულებლად. მან იცის, თუ როგორი გარემოა იქ, რაც მნიშვნელოვანია. მას ახლა უფრო მეტი გამოცდილება აქვს ვიდრე მე, როცა გუნდში მივედი. თუ ჩავი „ბარსელონას“ შემდეგი მწვრთნელი გახდება, წარმატებას ვუსურვებ და იმედია, ნაბიჯ-ნაბიჯ გუნდი  დაბრუნდება“.

პეპ გვარდიოლა „ბარსელონას“ 2008-2012 წლებში წვრთნიდა, რა პერიოდშიც ის ლა ლიგის ჩემპიონი 3-ჯერ, ხოლო ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული 2-ჯერ გახდა.