პენტაგონში აცხადებენ, რომ ხერსონში უკრაინის კონტრშეტევა იმედისმომცემ ნიშნებს იძლევა
პენტაგონში აცხადებენ, რომ ხერსონში უკრაინის კონტრშეტევა იმედისმომცემ ნიშნებს იძლევა

ხერსონში უკრაინის კონტრშეტევა იმედისმომცემ ნიშნებს იძლევა, თუმცა წინ სავარაუდოდ ხანგრძლივი ბრძოლაა, – როგორც ტელეკომპანია „სიენენი“ იტყობინება, ამის შესახებ პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილის თანაშემწემ, საშა ბეიკერმა 9 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც „სიენენი“ აღნიშნავს, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პენტაგონის წარმომადგენელმა უკრაინის ძალების ოპერაციას „კონტრშეტევა“ უწოდა. აღნიშნული ტერმინის გამოყენებას აქამდე თავს არიდებდნენ თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსნები, მათ შორის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი და გაერთიანებული შტაბების უფროსთა თავმჯდომარე, გენერალი მარკ მილი.

„ჩვენ კონტრშეტევის პროგრესს საკმაოდ ყურადღებით ვაკვირდებით. ვფიქრობ, ვნახეთ გარკვეული იმედისმომცემი ნიშნები, განსაკუთრებით, ბოლო ერთ ან ორ დღეში. თუმცა, რუსეთი მრისხანე მოწინააღმდეგეა და ვფიქრობ, წინ ხანგრძლივი ბრძოლა“, – განაცხადა საშა ბეიკერმა.