პენტაგონმა უკრაინას 150 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყო
პენტაგონმა უკრაინას 150 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყო

პენტაგონმა უკრაინას 150 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყო. ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის უწყების განცხადებაზე დაყრდნობით სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

პენტაგონის მიერ გამოყოფილი სამხედრო დახმარება კონტრსაარტილერიო რადარის, ელექტრონული საბრძოლო მოწყობილობის, დრონების წინააღმდეგ ბრძოლის სისტემებისა და ევაკუაციისთვის განკუთვნილი სამხედრო-სამედიცინო მოწყობილობების გადაცემას მოიცავს.

გარდა ამისა, აშშ უკრაინას სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზების ოპერატიული უსაფრთხოებისა და შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად შესაბამის აღჭურვილობას გამოუყოფს. ასევე, იგეგმება 125 მილიონი დოლარის ღირებულების Mark VI ტიპის საპატრულო კატერების გადაცემაც, რომლის შესახებაც პენტაგონმა პირველ მარტს განაცხადა.

აშშ-ის თავდაცვის უწყების თქმით, სამხედრო დახმარება ხელს შეუწყობს სარდლობის, კონტროლის, სიტუაციური ცნობიერებისა და მოწინააღმდეგის ლეტალობის ზრდას.