მინეაპოლისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, პენტაგონმა სამხედრო პოლიციის რამდენიმე დანაყოფი მოამზადა
მინეაპოლისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, პენტაგონმა სამხედრო პოლიციის რამდენიმე დანაყოფი მოამზადა

მინეაპოლისში საპროტესტო გამოსვლებისა და არეულობების გამო, პენტაგონმა სამხედრო პოლიციის რამდენიმე დანაყოფი მოამზადა. როგორც „ასოშიეითიდ პრესი“ იტყობინება, გაცემული განკარგულების თანახმად, სამხედროები მზად უნდა იყვნენ, საჭიროების შემთხვევაში, ოთხიდან 24 საათამდე ვადაში მინეაპოლისში მობილიზდნენ.

მედიის ცნობით, მზადყოფნის განკარგულება პარასკევს მას შემდეგ გაიცა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავდაცვის მდივან მარკ ესპერს მინეაპოლისში ვითარების დარეგულირებისთვის სამხედრო გზით დახმარება სთხოვა. არსებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა მარკ ესპერს სამხედროების სწრაფი მობილიზება სთხოვა იმ შემთხვევაში, თუ მინეაპოლისში საპროტესტო გამოსვლები კონტროლს აღარ დაექვემდებარება.

46 წლის ჯორჯ ფლოიდი მიმდინარე კვირის დასაწყისში მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად გარდაიცვალა, რასაც ქალაქში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები და არეულობა მოჰყვა. მომხდარის გამოძიების ფარგლებში, უფლებამოსილება პოლიციის ოთხ ოფიცერს შეუჩერდა, რომელთაგან ერთ-ერთი 29 მაისს დააკავეს და მკვლელობაში წაუყენეს ბრალი.

ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო, საპროტესტო აქციები აშშ-ის სხვადასხვა ქალაქში იმართება.

დატოვე კომენტარი