პენტაგონმა დაადასტურა, რომ ავღანეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავი აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალებს ეკუთვნოდა
პენტაგონმა დაადასტურა, რომ ავღანეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავი აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალებს ეკუთვნოდა

პენტაგონმა დაადასტურა, რომ ავღანეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავი ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საჰაერო ძალებს ეკუთვნოდა. აშშ-ის არმიის პრესსპიკერის, სონი ლეგეტის განცხადებით, ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა არ არის მინიშნებები, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნა მოწინააღმდეგის ცეცხლმა გამოიწვია.

სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე არაუმეტეს ხუთი ადამიანი იმყოფებოდა. სოციალურ მედიაში გავრცელებული მასალების მიხედვით, ავღანეთის ღაზნის პროვინციაში ჩამოვარდნილი თვითმფრინავი, „ი-11ეი“-ა, რომელსაც ამერიკელი სამხედროები დაზვერვისა და კომუნიკაციისთვის იყენებენ.

ავიაკატასტროფის შემდეგ, თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე პასუხისმგებლობა „თალიბანმა“ აიღო. „თალიბანის“ პრესსპიკერის, ზაბიჰულა მუჯაჰიდის განცხადებით, თვითმფრინავის ბორტზე აშშ-ის მაღალი რანგის ოფიცრებიც იმყოფებოდნენ.

აზნის პროვინციის დიდ ნაწილს სწორედ „თალიბანი“ აკონტროლებს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავღანეთში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, მაგრამ კომპანია „არიანაში“ თვითმფრინავის დაკარგვა კატეგორიულად უარყვეს.