პელეს კარიერაში ყველაზე ლამაზი გოლი ხელოვნური ინტელექტით აღადგინეს [ვიდეო] #1TVSPORT

09:11, 04.08.2026

სამხრეთამერიკულმა Google-მა ჩაატარა მასშტაბური კვლევა ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის პელეს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მომენტის აღსადგენად. ეს არის გოლი, რომელსაც თავად პელემ თავის ცხოვრებაში საუკეთესო უწოდა.

1959 წლის აგვისტოში „სანტოსი“ გასვლაზე სან პაულუს „ჟუვენტუსს“ ეთამაშებოდა. 18 წლის პელე უკვე ვარსკვლავი იყო, მსოფლიოს 1958 წლის ჩემპიონი.

„სანტოსმა“ პელეს ჰეთთრიკით 4:0 მოიგო. მან ბოლო გოლი მატჩის მიწურულს გაიტანა და ის ყველაზე ეფექტური გამოვიდა. თვითმხილველთა მონაყოლით, დორვალმა საჯარიმოში ჩააწოდა და იქ პელემ ჯადოქრობა ჩაიდინა: თავზე გადაუგდო ბურთი ორ მცველს, შემდეგ მეკარეს და თავით გაიტანა ცარიელ კარში. თანაც თითოეული ცალ-ცალკე მოატყუა და ერთხელაც არ დაუგდია ბურთი მინდორზე! აღნიშვნაც არანაკლებ ლეგენდარული იყო – პელე მაღლა ახტა და მუშტი მოიქნია.

მოგვიანებით თავად პელე უწოდებდა ამ გოლს ყველაზე ლამაზს თავის კარიერაში, „სანტოსი“ კი ადასტურებდა. მაგრამ არსებობდა პრობლემა: ერთეულებმა ნახეს ეს შედევრი ცოცხლად – ფეხბურთის ვიდეოჩაწერა და ტრანსლიაცია ბრაზილიაში მხოლოდ ორი წლის შემდეგ გაჩნდა, კომენტატორები რადიოში მუშაობდნენ.

ერთადერთი მტკიცებულება იყო პელეს ფოტო გოლის წინ: მასზე ფორვარდს უკვე მოტყუებული ჰყავს მეკარე და თავით ურტყამს კარში.

ისტორიკოს ანიტა ლუკეზის დაებადა იდეა, შეექმნა გოლის ვიდეო ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით. პროექტში მონაწილეობა მიიღეს Google DeepMind-ისა და Google Gemini-ს თანამშრომლებმა, ბრაზილიელმა ჟურნალისტებმა, იმ სტადიონზე მყოფმა გულშემატკივრებმა და პელეს მაშინდელმა თანაგუნდელმა, პეპემ. სპიკერები იყვნენ ნეიმარი, მარტა და პელეს ქალიშვილი.

ყველაფერი დაიწყო დაფაზე გოლის სქემით. თვითმხილველები გადაადგილებდნენ იმ საგოლე შეტევისას მოთამაშეების ფიგურებსა და ბურთს. სხვათა შორის, ზოგიერთები ამბობდნენ, რომ პელემ „სომბრეროს“ ფინტით ოთხი ფეხბურთელი მოატყუა, მაგრამ Google მაინც სამი მცველის კლასიკურ ვერსიაზე შეჩერდა.

გარდა ამისა, დიდი სამუშაო ჩაატარეს არქივებში: გააანალიზეს დაახლოებით 3600 ფოტო და 2000 ისტორიული დოკუმენტი, მათ შორის გაზეთები მატჩის რეპორტაჟებით. მნიშვნელოვანი იყო, მაქსიმალური სიზუსტით გადმოეცათ ფეხბურთელების გარეგნობა, საფეხბურთო მოედანი, ფანების განლაგება და სტადიონზე ატმოსფერო.

ყველაზე საინტერესო ნაწილი – გოლის „ცოცხლად“ გამეორებაა. ამისთვის ისინი მივიდნენ იმავე „რუა ჟავარიზე“ და იგივე კარი აირჩიეს. მიუხედავად იმისა, რომ სტადიონი მთლიანად განახლებულია, ლოკაცია თვითმხილველებს დაეხმარა დეტალების გახსენებაში. სპეციალურად შეკერეს ფორმების კომპლექტი და ტყავის ბურთიც კი, რომელიც ნეიმარმა შეაფასა. მსახიობებმა სცადეს საგოლე შეტევის რეალურ ცხოვრებაში გამეორება.

საბოლოო ვერსია გაატარეს კინოპროექტორში, რათა გადმოეცათ 50-იანი წლების ატმოსფერო. ახლა რეკონსტრუქციის ხილვა შესაძლებელია პელეს მუზეუმში. „ფეხბურთის მეფის“ ქალიშვილი ფლავია კმაყოფილი დარჩა: „ის იამაყებდა, ეს რგოლი რომ ენახა. მამას ყოველთვის წყინდა, რომ ის გოლი კამერით არავის გადაუღია. საოცარია, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით გაჩნდა ამ მომენტის ხელახლა განცდის შესაძლებლობა“.

მსგავსი