პელეგრინი - ვიდეოგამეორება რომ ყოფილიყო, ჩვენ მოვიგებდით
პელეგრინი - ვიდეოგამეორება რომ ყოფილიყო, ჩვენ მოვიგებდით

ვესტ ჰემის მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი მიიჩნევს, რომ მისი გუნდი მანჩესტერ იუნაიტედს აუცილებლად მოუგებდა, პრემიერლიგაში ვიდეოგამეორების სისტემა (VAR) რომ არსებობდეს.

გუშინ, 13 აპრილს, იუნაიტედმა ლონდონური კლუბი პოგბას მიერ ორჯერ უშეცდომოდ შესრულებული პენალტის წყალობით მოუგო (2-1), თუმცა პირველი თერთმეტმეტრიანი, საყოველთაო აზრით, საკმაოდ საკამათო იყო. გარდა ამისა, ვესტ ჰემს ერთი გოლი არ ჩაუთვალეს, როდესაც მსაჯებმა ასევე საკამათო თამაშგარე დააფიქსირეს.

პელეგრინი ასევე აცხადებს, რომ იუნაიტედის მეორე პენალტიც უსამართლოდ დაინიშნა, რადგან ანტონი მარსიალი, რომელიც რაიან ფრედერიკსმა წააქცია, მანამდე თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა.

„მსაჯებს არ ვაკრიტიკებ, რადგან ეს სერიოზული შეცდომები არ ყოფილა, თუმცა ვიდეოგამეორების არსებობის შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, სულ სხვა ანგარიში იქნებოდა“, – განაცხადა პელეგრინიმ.

შეგახსენებთ, რომ სატურნირო ცხრილში მანჩესტერ იუნაიტედი მეხუთე ადგილზეა და ერთი ქულით უსწრებს არსენალს, თუმცა მეთოფეებს ერთი მატჩი თადარიგში აქვს.

რაც შეეხებათ ლიდერებს, ლივერპულსა და მანჩესტერ სიტის, ისინი თავიანთ მატჩებს დღეს გამართავენ.

მერსისაიდელები საკუთარ მოედანზე ჩელსის შეხვდებიან, სიტი კი კრისტალ პალასს ეწვევა.