პეკინში ოლიმპიური სოფლის მშენებლობას საძირკველი ჩაეყარა
პეკინში ოლიმპიური სოფლის მშენებლობას საძირკველი ჩაეყარა

პეკინში ოლიმპიური სოფლის მშენებლობას საძირკველი ჩაეყარა, რითაც 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური და პარაოლიმპური თამაშებისთვის მზადების მორიგი ეტაპი დაიწყო.

2022 წლის ზამთრის თამაშების შესაბამის საშეჯიბრო ზონებში სამი ოლიმპიური სოფელი აიგება. აქედან ერთი სოფელი პეკინიდან 90 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ იანცინში, მეორე კი 194 კილომეტრით დაცილებულ ჟანცზიაკოუში ჰებეის პროვინციაში მოეწყობა. იანცინი სამთომოთხილამურეთა, მოციგავეთა, სკელეტონისტთა და ბობსლეისტთა ასპარეზობებს უმასპინძლებს, ხოლო ჟანცზიაკოუ სნოუბორდისტებს, ტრამპლინიდან მხტომელებს, ბიატლონისტებსა და თხილამურებით მორბენლებს მიიღებს.

მესამე ოლიმპიური სოფლის მშენებლობა პეკინის ჩრდილოეთით უკვე დაიწყო. მისი ბინადარნი ყინულის სპორტის სახეობათა წარმომადგენლები იქნებიან. ობიექტის მშენებელი კომპანიისა და პეკინის სახელმწიფო საინვესტიციო ჯგუფის ოფიციალური გვერდის ცნობით, სპორტსმენებისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი და სარეკრეაციო ნაგებობათა საერთო ფართობი დაახლოებით 200 ათასი კვადრატული მეტრი იქნება.

პეკინი 2022-ის ორგანიზატორთა განმარტებით, ოლიმპიური სოფლისთვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობები უმაღლესი ხარისხისა და ეკოლოგიურად სუფთა იქნება.
პროექტის თანახმად, ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ საცხოვრებელი ბინები გაიყიდება ან იჯარით გაიცემა.