პეკინის ოლიმპიადაზე უფრო მკაცრი კოვიდრეგულაციები იქნება, ვიდრე ტოკიოს თამაშებზე  #1TVSPORT
პეკინის ოლიმპიადაზე უფრო მკაცრი კოვიდრეგულაციები იქნება, ვიდრე ტოკიოს თამაშებზე  #1TVSPORT

პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ანტიკოვიდური ზომები უფრო მკაცრი იქნება, ვიდრე 2021 წელს ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადის დროს. ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოპერაციულმა დირექტორმა პიერ დიუკრემ.

„ტოკიოს ოლიმპიადასთან შედარებით, არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი განსხვავება. ჯერერთი, ე. წ. „დახურულ სისტემაში“ მოხვედრისთვის საჭირო იქნება სრულად ვაქცინირებულის სტატუსი. მეორე – ამ სივრცეში ყველა მონაწილე ყოველდღიურად გაივლის ტესტირებას. როგორც გახსოვთ, ტოკიოში ეს წესი მოქმედებდა მხოლოდ სპორტსმენებსა და მათ გარემოცვაზე ოლიმპიურ სოფელში, მაგრამ არა ყველასთვის“, – განაცხადა დიუკრემ.

„თუ შევადარებთ ტოკიოს, ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავებაა ის, რომ „დახურული სისტემა“ მთლიანად იქნება მოწყვეტილი გარე სამყაროს“, – დაამატა მან.

ასევე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოპერაციულმა დირექტორმა აღნიშნა, რომ პეკინის ოლიმპიადაზე განსაკუთრებული მოთხოვნები იქნება ნიღბების მიმართ, კერძოდ, გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ სამედიცინო ტიპის ნიღბები.

პეკინის ზამთრის ოლიმპიადა 4-20 თებერვალს გაიმართება.