„პატრიოტთა ალიანსის“ ორგანიზებული აქცია პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაიწყება და ოპერასთან გადაინაცვლებს
„პატრიოტთა ალიანსის“ ორგანიზებული აქცია პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაიწყება და ოპერასთან გადაინაცვლებს

„პატრიოტთა ალიანსი“ დღეს დამოუკიდებლად მართავს აქციას და არავის შეუერთდება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, რესპუბლიკის მოედანზე 17:00 საათზე შეიკრიბებიან. იგეგმება სიტყვით გამოსვლები, რის შემდეგაც ოპერის მიმართულებით გადაინაცვლებენ და აქცია ოპერასთან გაგრძელდება. ინაშვილის თქმით, ის და მისი მომხრეები ხელისუფლების უზურპაციის მცდელობას აპროტესტებენ.

„ოცნებამ“ სამარცხვინოდ უკან წაიღო დაპირება და ჩვენი ვალია, ხმა ამოვიღოთ. არავინ დაუშვებს ხელისუფლების უზურპაციას ერთი პარტიის მიერ. ეს საპროტესტო მოძრაობა მთელ საქართველოში გავრცელდება და მოიტანს შედეგს“, – განაცხადა ინაშვილმა.

მისი თქმით, „პატრიოტთა ალიანსის“ ორგანიზებული აქცია დამოუკიდებელი იქნება და პარალელურ აქციას არ შეუერთდება.

„ჩვენ მარტო ვართ ამ აქციის ორგანიზატორები და არავის არ ვუერთდებით. ოპერისკენ იქნება მსვლელობა და იქაც იქნება გამოსვლები. არსად არავის შევუერთდებით“, – განაცხადა ინაშვილმა.

მისი თქმით, აქციას უერთდება არაერთი საზოგადოებრივი მოძრაობა – „ქართული მარში“, ვეტერანები, ექიმები და ა.შ.

„ფართო წარმომადგენლობა იქნება. ახლა არ შეიძლება, ტაში უკრან „ოცნებას“. ახლა საჭიროა, „ოცნება“ გამოფხიზლდეს და მიხვდეს, რომ საჭიროა ცვლილებებზე წამოსვლა“, – განაცხადა ინაშვილმა.