პატოს „მილანში“ დაბრუნება სურს - მე და ზლატანი კარგი დუეტი ვიქნებოდით
პატოს „მილანში“ დაბრუნება სურს - მე და ზლატანი კარგი დუეტი ვიქნებოდით

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ალეშანდრე პატომ La Gazzetta dello Sport-თან საუბრისას აღნიშნა, რომ მისი ოცნება „მილანში“ დაბრუნებაა.

31 წლის ფეხბურთელი წინა ზაფხულში „სან-პაულუდან“ გამოუშვეს და მას შემდეგ უგუნდოდაა დარჩენილი. შეგახსენებთ, რომ პატო მილანურ კლუბში 6 სეზონის განმავლობაში თამაშობდა (2007-2013).

„მე კარგი მოგონებები მაკავშირებს „მილანთან“. ის ჩემს გულშია და იქ დაბრუნება ჩემი ოცნებაა“, – განაცხადა პატომ.

ბრაზილიელ ფეხბურთელს ასევე ჰკითხეს რამდენად შეეგუებოდა ის იბრაჰიმოვიჩის შემცვლელად ყოფნას. რაზეც მან უპასუხა, რომ „მილანში“ ამ როლის მორგებას არ აპირებს.

„არ ვაპირებ სათადარიგოთა სკამზე ყოფნას და თუ რამდენიმე თამაშის ჩატარების შესაძლებლობა მექნება, მწვრთნელს ამას დავუმტკიცებ. მე და ზლატანს შეგვიძლია ერთად თამაში, ჩვენ არაჩვეულებრივი დუეტი ვიქნებოდით“.

შეგახსენებთ, რომ ბოლო სკუდეტო „მილანმა“, 2011 წელს, პატოს გუნდში ყოფნის დროს მოიგო. დიდხნიანი პაუზის შემდეგ კი გუნდი სერია A-ს ცხრილის სათავეშია. 17 ტურის შემდეგ მათ 40 ქულა აქვთ და უახლოეს მიმდევარს „ინტერს“ 3 ქულით უსწრებენ.