პატარა მოჭადრაკეების წარმატება ანტალიაში
პატარა მოჭადრაკეების წარმატება ანტალიაში
ქართველმა მოჭადრაკეებმა თურქეთის ქალაქ ანტალიაში გამართულ მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს. 11 წლამდე ასაკის გოგონათა შორის ანასტასია კირთაძემ ცხრიდან შვიდი ქულით I-II ადგილები გაინაწილა და მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ვერცხლის მედალს დასჯერდა.
9 წლამდე ასაკის გოგონათა შორის ცხრიდან რვა ქულა მოაგროვა და ვიცე-ჩემპიონის ტიტული კესარია მგელაძემ მოიპოვა.

9 წლამდე შორის დავით ნემსაძე ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით დარჩა სამეულს მიღმა 7 წლამდე ასაკის ბიჭუნებში მოასპარეზე გაბრიელ გაბადაძე. გაბრიელმა 6,5 ქულა დააგროვა და III-IV ადგილი გაინაწილა.

აღსანიშნავია, რომ სამი პრიზიორი – კირთაძე, ნემსაძე და გაბადაძე საერთაშორისო ოსტატ ნიკოლოზ მანაგაძის, ხოლო მგელაძე საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ლეონიდ ნეურონოვის მოსწავლეები არიან.

ოთხივე ქართველი მოჭადრაკე რეგიონული განვითარების პროგრამის ფარგლებში თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიის მსმენელები არიან.