პასუხი რაფიკ ჰალილს - რომან ფიფია ალბანელ პრეზიდენტს თავშეკავებას ურჩევს
პასუხი რაფიკ ჰალილს - რომან ფიფია ალბანელ პრეზიდენტს თავშეკავებას ურჩევს

„დინამო თბილისის“ პრეზიდენტმა, რომან ფიფიამ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო რაუნდის ​წილისწყრის შედეგებზე კომენტარი გააკეთა, სადაც თბილისელებს ალბანური „ტირანა“ შეხვდათ. ფიფიამ ალბანური გუნდის პრეზიდენტის რაფიკ ჰალილის მეტისმეტად თავდაჯერებულ ფრაზასაც უპასუხა.

„წილისყრის შედეგით კმაყოფილი ვარ. ყველა მეტოქე პატივისცემას იმსახურებს, მათ შორის „ტირანაც“. გათამაშების ამ ეტაპზე ყველა გუნდი თავისი ქვეყნის ჩემპიონია და იოლი მეტოქე არც ერთი მათგანი არაა. რაც შეეხება ჩემი ოპონენტის განცხადებას, მის ადგილას ასეთი თავდაჯერებული არ ვიქნებოდი. მე ჩემი გუნდის იმედი მაქვს, დანარჩენი კი თამაშზე გამოჩნდება“, – განაცხადა რომან ფიფიამ.

ტირანას“ პრეზიდენტმა „დინამოსთან” დაწყვილებას იღბლიანი წილისყრა უწოდა და მეტოქეზე საკმაოდ აგდებულად ილაპარაკა: „კარგი მოლოდინი მქონდა და ამიხდა. ეს იღბლიანი წილისყრა იყო, რადგან თბილისის „დინამოს“ წინააღმდეგ ადრეც ვითამაშეთ და მოვიგეთ. კლუბში ვიმედოვნებთ, რომ შემდეგ ეტაპზე დამაჯერებლად გავალთ. იმედი მაქვს და ვუსურვებ ყველა მოთამაშეს, რომ ჯანმრთელად იყვნენ, საქართველოში მობილიზებულები ჩავალთ, რათა შემდეგი მატჩი ჩავატაროთ“.

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო რაუნდში „დინამო თბილისი“ და „ტირანა“ 27 აგვისტოს შეხვედებიან. მატჩი თბლისში, „დინამო-არენაზე” გაიმართება.