პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ თანათავმჯდომარე აცხადებს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში პარტია გერმანიის ევროზონიდან და შენგენის ზონიდან გაყვანას გეგმავს

08:10, 24.08.2026

ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ თანათავმჯდომარემ, ალისა ვაიდელმა განაცხადა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში მისი პარტია გერმანიის ევროზონიდან და შენგენის ზონიდან გაყვანას გეგმავს. ამის შესახებ მან გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

გერმანული ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერს გერმანიის ევროზონიდან გაყვანა სურს, რადგან მიიჩნევს, რომ ევრო არასტაბილური ვალუტაა.

„ევროს შემოღებამდე გერმანია გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში იყო. ჩვენ ვხედავთ მშრომელი მოსახლეობის ფართო ფენების საყოველთაო გაღარიბებას. ჩვენ აღარ ვართ ქვეყანა ძლიერი ვალუტით, ევრო კი სუსტდება, რასაც რიგითი მოსახლეობის სახსრების დაკარგვა მოჰყვება“, – განაცხადა ვაიდელმა.

ინტერვიუში მან კიდევ ერთხელ გააკრიტიკა გერმანიის საზღვრების დაცვის სისტემა. ასევე გამოთქვა მზადყოფნა, გერმანია შენგენის ზონიდან გაიყვანოს.

„ჩვენ დავკეტავთ საზღვრებს, გამოვალთ შენგენის შეთანხმებიდან, რათა ისეთი ადამიანები, როგორებიც სეუტადან არიან, ჩვენთან ვეღარ მოხვდნენ“, – განაცხადა ვაიდელმა.

ცნობისთვის, ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ აღმოსავლეთ გერმანიის ფედერალურ მიწა საქსონია-ანჰალტში ლიდერობს და მას 42%-იანი მხარდაჭერა აქვს. საქსონია-ანჰალტში არჩევნები 6 სექტემბერს გაიმართება. ამან შესაძლოა, პირველად მისცეს შესაძლებლობა ულტრამემარჯვენე პარტიის წევრს, ერთ-ერთ ფედერალურ მიწაზე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავოს.

ფედერალურ დონეზე კი ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამოკითხვებში მნიშვნელოვნად უსწრებს კანცლერ ფრიდრიხ მერცის პარტიულ ბლოკს – ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირსა და ქრისტიან-სოციალურ კავშირს.

მსგავსი