პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძეს მოუსმენენ
პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძეს მოუსმენენ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მორიგ კანდიდატს, საქართველოს გენერალურ პროკურორ შალვა თადუმაძეს მოუსმენს.

​როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, მათ შალვა თადუმაძესთან მწვავე ​შეკითხვები ექნებათ. მთავარი საკითხი, რომელზეც ყურადღებას გაამახვილებენ, მართლმსაჯულებაში არსებული პრობლემები იქნება და ასევე, ყურადღება დაეთმობა მისი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის საკითხს.

„კითხვები შეეხება შალვა თადუმაძის გენერალურ პროკურორობას, იმ გამოუძიებელ საქმეებს, რომლებიც ასე დაგროვდა ამ უწყებაში და პრობლემებს, რომლებიც გვაქვს ზოგადად მართლმსაჯულების სისტემაში. აქვე, გვერდს ვერ ავუვლით მის საეჭვო უმაღლეს განათლებას და ამ უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს. არ შეიძლება, გვყავდეს გენერალური პროკურორი ან უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, რომლის იურისტობა არ არის დადასტურებული“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობას, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აღნიშნავს, რომ მათი კითხვები შალვა თადუმაძის საქმიანობასთან იქნება დაკავშირებული და ისინიც დაინტერესდებიან მისი განათლების საკითხით.

„ჩვენი ამოცანაა, დავსვათ ყველა ის შეკითხვა, რომელიც არსებობს პარლამენტის წევრებს შორის, არსებობს საზოგადოებაში, უკავშირდება მის საქმიანობას, უკავშირდება მის პროფესიულ საქმიანობას. ჩვენ დავსვამთ ყველა იმ საჭირო შეკითხვას, რომელიც მიგვაჩნია, რომ უნდა დაისვას, რათა ჩვენ და საზოგადოებამ მივიღოთ კონკრეტულ შეკითხვაზე პასუხი. ასევე, საკითხი, რომელიც უკავშირდება მის დიპლომს. მართალია, ჩვენს სამუშაო ჯგუფს არ დაუსვამს საკითხი მის ნამდვილობასთან დაკავშირებით, კითხვები არ დგას დიპლომის ნამდვილობასთან დაკავშირებით, გაჩნდა კითხვები დამატებით იმ საკითხებზე, რომლებიც უშუალოს კანდიდატს აქვს მითითებული მის ბიოგრაფიაში და შემდგომ, რომელიც დაფიქსირებულია მის განათლების დამადასტურებელ დიპლომში. შესაბამისად, ეს არის დამატებითი საკითხები, რომელზეც ჩვენ დავსვამთ შეკითხვებს და ჩვენი ამოცანაა, ამ შეკითხვებზე სრული პასუხები მივიღოთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გუშინ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, თამარ ზამბახიძეს მოუსმინა.