პარლამენტში თემატური მოკვლევების დანერგვის საკითხზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება
პარლამენტში თემატური მოკვლევების დანერგვის საკითხზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება

პარლამენტში თემატური მოკვლევების დანერგვის საკითხზე საინფორმაციო შეხვედრა დღეს გაიმართება.

თემატური მოკვლევების დანიშნულებას, უპირატესობებსა და შესაბამის პროცედურებს სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი სასტუმრო „რუმსში“ გააცნობს.

შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილე მუნხტუია ალთანგერელი მიმართავს.

საქართველოში ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) წარმომადგენელი ბორის ნადირაძე მოწვეულ სტუმრებს „საპარლამენტო თემატური მოკვლევის გზამკვლევს“ გააცნობს, რომელშიც თემატური მოკვლევის ინსტრუმენტები, პრაქტიკა და პროცესებია აღწერილი.

თემატური მოკვლევების დანერგვას ახალი რეგლამენტი ითვალისწინებს, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2018 წლის დეკემბერში მიიღო. ახალი პროცედურების თანახმად, ყველა საპარლამენტო კომიტეტს და მუდმივმოქმედ საბჭოს წელიწადში სულ მცირე ერთი მოკვლევის ჩატარება შეუძლია.

პარლამენტში მოკვლევის დანერგვის შესახებ საინფორმაციო შეხვედრას ორგანიზებას საკანონმდებლო ორგანო გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთის მთავრობისა და „ვესტმინსტერის ფონდი დემოკრატიისთვის“ (WFD) ხელშეწყობით უწევს.