პარლამენტში „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტის განხილვა ორი კვირით გადაიდო
პარლამენტში „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტის განხილვა ორი კვირით გადაიდო

პარლამენტში „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტის განხილვა ორი კვირით გადაიდო. როგორც ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განუცხადა, ოპოზიციას სთავაზობს, ორი კვირის განმავლობაში სამართლებრივი არგუმენტი წარადგინოს, რატომ არ უნდა იყოს ცვლილებები მიღებული და რატომ არ უნდა მოვიდეს კანონი კონსტიტუციასთან შესაბამისობაში.

„ვინმე თუ ამბობს, რომ ცვლილებებით ხდება ვინმეს უფლებამოსილების შემცირება ან გაზრდა, მას კანონპროექტი წაკითხული არ აქვს და არც რეალური არგუმენტი, რაზეც შეიძლება შეკამათებოდი. მათი არგუმენტია – დაჩქარებული წესით ხდება განხილვა და მსჯელობისთვის დრო არ რჩებათ. თუ ეს ასეა, მათ ვთავაზობ – დღემდე სამართლებრივი არგუმენტი ხომ არ წარადგინეს, რატომ არ უნდა იყოს ცვლილებები მიღებული, ამ საკითხის განხილვა გადავდოთ კიდევ ორი კვირით, მათ კეთილი ინებონ და თუნდაც ერთი სამართლებრივი არგუმენტი წარადგინონ და ამ სამართლებრივ არგუმენტზე ვიმსჯელოთ, რატომ არ შეიძლება, ეს ცვლილებები ამ ფორმით გატანილი იყოს. ეს კეთდება, რათა სპეკულაციისთვის რაიმე არ დარჩეთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

კანონპროექტის განხილვა პირველი მოსმენით პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე იგეგმებოდა. ცვლილებებით, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის საფუძველი შეიძლება გახდეს მოქმედება ან უმოქმედობა.