პარლამენტში კომიტეტებსა და მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში კვოტების განსაზღვრის თაობაზე მსჯელობენ
პარლამენტში კომიტეტებსა და მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში კვოტების განსაზღვრის თაობაზე მსჯელობენ

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე საქართველოს პარლამენტის კომიტეტებსა და მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე მსჯელობენ. ამის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა განაცხადა.

„პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე საერთაშორისო დელეგაციებში კვოტების საკითხი განისაზღვრება პარლამენტში თერთმეტი მუდმივი დელეგაციაა. გარდა ამისა, კვოტები განისაზღვრება კომიტეტებში და ასევე ეთიკის საბჭოში. ეთიკის საბჭოს დაკომპლექტებისთვის კვოტების განსაზღვრა აუცილებელია. კვოტების თავიდან განსაზღვრის აუცილებლობა გამოიწვია იმ გადანაცვლებებმა, რომელიც პოლიტიკური კონფიგურაციის თვალსაზრისით პარლამენტში ბოლო პერიოდში მოხდა.

ერთი ფრაქცია გაუქმდა და უმცირესობამ სტატუსი დაკარგა. პარლამენტის რამდენიმე წევრმა კი უმრავლესობა დატოვა. დღესვე საპროცედურო კომიტეტის მიერ შემუშავებული კვოტები პარლამენტის ბიუროს გადაეგზავნება და საბოლოოდ, ამ კვოტებს ბიურო დაამტკიცებს.

დელეგაციებში შემადგენლობების განსაზღვრა და კომიტეტების დაკომპლექტებაც ამ კვოტების მიხედვით მოხდება“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

მისივე თქმით, კვოტები გულისხმობს ფრაქციების უფლებას, ამა თუ იმ დელეგაციაში ან კომიტეტში რა რაოდენობით შეიძლება იყვნენ წარმოდგენილნი. რაც შეეხება შემადგენლობას ფრაქციები თავად განსაზღვრავენ ვინ წარადგინონ მათთვის კუთვნილი კვოტის შესაბამისად.