პარლამენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა
პარლამენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა.

საკანონმდებლო ორგანომ საკითხი საგანგებო პლენარულ სხდომაზე განიხილა და კენჭი უყარა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას 115-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. რეგისტრაცია სულ 120-მა დეპუტატმა გაიარა. სხდომას ესწრებოდნენ ის დეპუტატებიც, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირეს.

ახალი კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობამ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს დღეს მიმართა, შემოეღო საგანგებო მდგომარეობა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ერთი თვით, 2020 წლის 21 აპრილამდე. სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ასევე გამოსცა დეკრეტი, რომლის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით, შეიზღუდება საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული მთელი რიგი უფლებები.

ამასთან, დღესვე, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განმარტა, რა შეზღუდვები იმოქმედებს საგანგებო მდგომარეობის დროს.