პარლამენტის წევრობის კანდიდატებს ნარკოლოგიური ცნობის წარდგენა არ მოეთხოვებათ და ამ ცნობას არჩევის შემთხვევაში წარადგენენ
პარლამენტის წევრობის კანდიდატებს ნარკოლოგიური ცნობის წარდგენა არ მოეთხოვებათ და ამ ცნობას არჩევის შემთხვევაში წარადგენენ

​​2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის პირს ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენა აღარ მოეთხოვება. შესაბამისი ცვლილებები „საარჩევნო კოდექსში“ შედის, რომელზეც მსჯელობას პარლამენტი დღეიდან იწყებს.

მოქმედი კანონმდებლობა სწორედ მსგავს ვალდებულებას ითვალისწინებს, კანონპროექტით კი, განისაზღვრება, რომ თუ პირი ამ მუხლის ამოქმედებამდე პარლამენტის წევრობის კანდიდატად საარჩევნო რეგისტრაციაში არ გატარდა მხოლოდ ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარუდგენლობის გამო, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია, ამ მუხლის ამოქმედებიდან სამ დღეში გაატაროს იგი საარჩევნო რეგისტრაციაში.

„დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გაგვაქვს ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომლის თანახმადაც, პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს ექნება ვალდებულება, გაიაროს ნარკოლოგიური შემოწმება და წარადგინოს შესაბამისი ცნობა. კომიტეტის შემდეგ, გადავინაცვლებთ უკვე სასესიო ფორმატში და მიმდინარე კვირას გვექნება უკვე სამი მოსმენით ამ ინიციატივაზე მსჯელობა და კენჭისყრა. აქამდე იყო მიდგომა, რომ არჩევამდე ჰქონდა ამისი ვალდებულება აბსოლუტურად ყველა მაჟორიტარ კანდიდატს. ხოლო პროპორციული სიით მონაწილეებს არჩევის შემდეგ უჩნდებოდათ იგივე ვალდებულება. მას შემდეგ, რაც ჩვენ 2024 წლისთვის სრულად პროპორციულზე გავდივართ, ამის ვალდებულება წინასწარ ექნება დეპუტატობის ყველა კანდიდატს, მაგრამ გარდამავალ პერიოდში ეს ნორმა რომ ასევე ყველზე გავრცელდეს, ეს ნიშნავს იმას, რომ დაახლოებით ცხრა-ათი ათასმა ადამიანმა უნდა მიმართოს შესაბამის უწყებებს ამ ცნობის მოსაპოვებლად. ეს, ვფიქრობ, მომატებული საფრთხეებისა და რისკების დროს, დამატებით საფრთხის შემცველია. უკვე არჩეულ წევრებზე გავრცელდება ეს ვალდებულება“, – განაცხადა კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა.

დატოვე კომენტარი