პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილე საქართველოს მეგობარმა სახელმწიფოებმა მიულოცეს
პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილე საქართველოს მეგობარმა სახელმწიფოებმა მიულოცეს

საქართველოს პარლამენტს და ქართველ ხალხს მეგობარმა ქვეყნებმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის 100 წლის იუბილე მიულოცეს. ნორვეგიის, ისრაელის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის, უნგრეთის, სომხეთის, ქუვეითის, პოლონეთის, თურქეთისა და რუმინეთის პარლამენტებისგან მიღებულ მისალოც წერილებში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ საქართველოს პირველმა პარლამენტმა შექმნა დემოკრატიის შესანიშნავი მაგალითი და საფუძველი ჩაუყარა თავისუფალ და დემოკრატიულ საქართველოს რესპუბლიკას.

წერილებში აღნიშნულია, რომ მეგობარი ქვეყნები მაღალ შეფასებას აძლევენ პირველი დამფუძნებელი კრების მიერ მიღებულ კონსტიტუციას, რომელიც წარმოადგენს ლიბერალური დემოკრატიის თვალსაჩინო და ადრეულ მაგალითს, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა წარმომადგენლობით სისტემას, სიტყვის თავისუფლებას, სასამართლო რეფორმას, ქალთა და მამაკაცთა თანასწორობას, ასევე ეთნიკური უმცირესობებისა და ქალების არჩევითობას.