პარკაძემ „ბაიერნი“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა - ზალცბურგის „აუსტრიაში“, სავარაუდოდ, სექტემბერიდან ითამაშებს #1TVSPORT
ავსტრიის მეორე დივიზიონში გადასულმა ზალცბურგის „აუსტრიამ“ ქართველი ახალწვეული ლუკა პარკაძე წარადგინა, რომელმაც მიუნხენის „ბაიერნთან“ კონტრატქი გაწყვიტა – ინფორმაციას ავსტრიული კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„20 წლის ქართველი ფეხბურთელი ლუკა პარკაძე ზალცბურგის „აუსტრიას“ მიუნხენის „ბაიერნიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ის გასულ სეზონში იჯარით გერმანიის რეგიონული ლიგის „ალტგლიენიკეში“ გადავიდა, სადაც 15 მატჩი ჩაატარა.
პარკაძისთვის ავსტრიაში თამაში უცხო არ არის – 2023/24 წლების სეზონში ის იჯარით მეორე დივიზიონის კლუბ „ადმირა ვაკერში“ გამოდიოდა“, – წერია ავსტრიული კლუბის მიერ გავრცელებულ ცნობაში.
„მოუთმენლად ველით ლუკას – სწრაფ თავდამსხმელს, რომელსაც მონდომული თამაში და კარგი დარტყმა გამოარჩევს. ის სამი წლის წინ „ბაიერნმა“ დაიმატა, როგორც ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე. მაგრამ მისი კარიერა სათანადოდ ვერ განვითარდა და ხშირად ტრავმირებული იყო. გვინდა, რომ პარკაძეს მეორე შანსი მივცეთ და პროფესიულ ფეხბურთში გზა გავუკვალოთ. ჩვენ უკვე ვმუშაობთ, რომ მან სამუშაო ვიზა სწრაფად მიიღოს. ვვარაუდობთ, რომ „აუსტრიას“ მაისურით სადებიუტო შეხვედრას სექტემბერში ჩაატარებს“, – განაცხადა კლუბის სპორტულმა დირექტორმა, როლანდ კირხლერმა.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ახლა ზალცბურგის „აუსტრიის“ ფეხბურთელი გავხდი. კლუბისთვის ყველაფერს გავაკეთებ. იმედი მაქვს, რომ ეს მცდელობა ყველასთვის წარმატებული იქნება“, – ამბობს 20 წლის ქართველი ფეხბურთელი.