პარიზში მარინ ლე პენის მხარდასაჭერად აქცია გაიმართა, დემონსტრაცია გამართეს ემანუელ მაკრონის ბლოკის მხარდამჭერებმაც
პარიზში ულტრამემარჯვენე ფრანგი პოლიტიკოსის, მარინ ლე პენის მხარდასაჭერად აქცია გაიმართა. დემონსტრანტები ლე პენის წინააღმდეგ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს აპროტესტებდნენ.
ფრანგული მედიის ცნობით, პარიზში ერთდროულად რამდენიმე აქცია გაიმართა, მათ შორის, ულტრამემარჯვენეების მხარდასაჭერი და პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ბლოკის მომხრეთა მიტინგი.
მედიის შეფასებით, ლე პენის მხარდამჭერთა აქციაზე ათი ათასამდე ადამიანი იყო შეკრებილი.
დემონსტრანტებს სიტყვით მიმართა თავად მარინ ლე პენმაც, რომელმაც სასამართლოს განაჩენი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ „არ დანებდება“.
ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ თავმჯდომარემ, ჯორდან ბარდელამ კი განაჩენი უსამართლოდ შეაფასა და განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს მარინ ლე პენის ჩამოშორებას 2027 წლის საპრეზიდენტო რბოლიდან.
ცნობისთვის, ფრანგი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი ევროკავშირის სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მარინ ლე პენს სასამართლომ ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, აქედან ორი წელი – შინაპატიმრობა, ორი წელი კი პირობითი სასჯელია. მას ასევე ხუთი წლით აეკრძალა თანამდებობის დაკავება. ამასთან, მარინ ლე პენის საჩივარზე პარიზის სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, 2026 წლის ზაფხულში გამოაცხადებს.