პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი სალომე ზურაბიშვილის სტუდენტურ ბარათს აქვეყნებს
პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი სალომე ზურაბიშვილის სტუდენტურ ბარათს აქვეყნებს

პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი სალომე ზურაბიშვილის სტუდენტურ ბარათს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ აქვეყნებს.

„გვაქვს პატივი, დღეს საღამოს ვუმასპინძლოთ საქართველოს პრეზიდენტსა და პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის კურსდამთავრებულს, სალომე ზურაბიშვილს. მისი სიტყვის მოსმენამდე, რომელიც გვპირდება, რომ იქნება საინტერესო, იხილეთ მისი სტუდენტური პორტრეტი“, – ნათქვამია ინსტიტუტის განცხადებაში.

პრეზიდენტი  პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში 1969-1972 წლებში სწავლობდა, ხოლო 2006-2015 წლებში ამავე ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი იყო.

საქართველოს პრეზიდენტის საჯარო ლექცია – „საქართველო და ევროპა, შესაძლებლობები ცვალებად გარემოში“, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. პრეზიდენტის ოფიციალურ „ფეისბუქზე“ ლექციის ქართული თარგმანის პირდაპირი ტრანსლირება მოხდება.

სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთს გუშინ ეწვია. ვიზიტის პირველ დღეს ზურაბიშვილმა მამის ინიციატივით აშენებული ტაძარი მოინახულა და შვილებთან ერთად წირვას დაესწრო. ამის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი ლევილში გაემგზავრა, სადაც მშობლების საფლავი ყვავილებით შეამკო და მამულში ლევილის შატო მოინახულა. სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის პირველი დღე სტუდენტებთან და ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრით დაასრულა.

საქართველოს პრეზიდენტი ხვალ საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდება.