პარიზის მერიაში აცხადებენ, რომ აქციებზე არეულობების შედეგად მიყენებული ზარალი 3-4 მილიონ ევროს შეადგენს
პარიზის მერიაში აცხადებენ, რომ აქციებზე არეულობების შედეგად მიყენებული ზარალი 3-4 მილიონ ევროს შეადგენს

პარიზის მერიის წინასწარი შეფასებით, საპროტესტო გამოსვლების დროს მომხდარი არეულობების შედეგად მიყენებული ზარალი 3-4 მილიონ ევროს შეადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ BFMTV პარიზის მერიაზე დაყრნდობით ავრცელებს.

თავის მხრივ, რადიოსადგურ Europe1-ის ინფორმაციით, დღეს საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მერმა ბიზნესის წარმომადგენლებთან თათბირი გამართა, რა დროსაც მიყენებულ ზარალზე იმსჯელეს.

მინისტრმა შეშფოთება გამოთქვა პროტესტებთან დაკავშირებით ტურიზმისთვის შექმნილი საფრთხის გამო. პარიზში მდებარე სასტუმროების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ჯავშნების რაოდენობა უკვე შემცირდა 25-30%-ით.

საწვავის ფასის ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები საფრანგეთში უკვე მესამე კვირაა გრძელდება. პირველ დეკემბერს საპროტესტო აქცია არეულობაში გადაიზარდა. პარიზში დემონსტრანტებმა დაწვეს ავტომობილები, ჩაამსხვრიეს მაღაზიის ვიტრინები და დააზიანეს ტრიუმფალური თაღი. პოლიციამ ასობით ადამიანი დააკავა.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის ხელისუფლება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხს განიხილავს.