პარიზის გრანდ სლემზე დღეს რვა ქართველი ძიუდოისტი გამოვა #1TVSPORT
პარიზის გრანდ სლემზე დღეს რვა ქართველი ძიუდოისტი გამოვა #1TVSPORT

პარიზში მიმდინარე გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრები დღეს რვა ძიუდოისტით იასპარეზებს.

81 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი იჭიდავებს, რომელიც განთესილია და ასპარეზობას მეორე წრიდან დაიწყებს. მისი მეტოქე იტალიელი ლორენცო პარონდისა და ბენინელი ვალენტინ ჰოუინატოს შორის გამარჯვებული იქნება.

90 კგ-ში საქართველოს ნაკრებს ორი წარმომადგენელი ეყოლება. ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ლაშა ბექაური და ევროპის მომქმედი ჩემპიონი ლუკა მაისურაძე. მაისურაძე ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე ლიბანელი კარამნობ საგაიპოვი იქნება.

ლაშა ბექაურიც მეორე წრიდან ჩაერთვება შეჯიბრებაში და არგენტინელ მარიანო კოტო ბერსიერსა და ფრანგ მაქსიმ-გაელ ნგაიაპ ჰამბურს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

წარმატებული გამოსვლის შემთხვევაში ქართველები ერთმანეთს ფინალამდე არ ხვდებიან.

100 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი და გიორგი ბერიაშვილი იასპარეზებენ.

ლიპარტელიანის მეტოქე გერმანელ დარიო კურბიევიეტს გარსიასა და არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელ ჯაფარ კოსტოევს შორის გამარჯვებული იქნება.

გიორგი ბერიაშვილი განუთესავია და პირველივე წრეში კუბელ ლისტერ კარდონას შეხვდება.

+100 კგ-ში ორი წარმომადგენელი გვეყოლება: მსოფლიოსა და ევროპის, ასევე ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი გურამ თუშიშვილი და ახალგაზრდა საბა ინანეიშვილი.

ორივე ქართველი ასპარეზობას მეორე წრიდან იწყებს – თუშიშვილი იაპონელ ოტას დაუპირისპირდება, ინანეიშვილის მეტოქე კი ამ წონითი კატეგორიის მეექვსე ნომერი, უზბეკი ალიშერ იუსუპოვი იქნება.

ერთი წარმომადგენელი გვეყოლება ქალთა შეჯიბრშიც – 70 კგ წონით კატეგორიაში ელისო სისაური იჭიდავებს. იგი ასპარეზობაში პირველივე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც ბრაზილიელ ელლენ ფრონერს შეხვდება.

ტურნირზე წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით – 11:00, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათზე დაიწყება.