პარიზის გრანდ სლემზე დღეს ოთხი ქართველი ძიუდოისტი იჭიდავებს #1TVSPORT
პარიზის გრანდ სლემზე დღეს ოთხი ქართველი ძიუდოისტი იჭიდავებს #1TVSPORT

დღეს საფრანგეთის დედაქალაქში სტარტს აიღებს პრესტიჟული ტურნირი ძიუდოში – პარიზის გრანდ სლემი, რომელშიც საქართველოს ნაკრები 12 სპორტსმენით იასპარეზებს.

პირველ საშეჯიბრო დღეს მამაკაცები – 60, 66 და 73 კგ, ქალები კი 48, 52, 57 და 63 კგ წონით კატეგორიებში გამოვლენ. პარიზის გრანდ სლემზე მედლებისთვის დღეს ოთხი ქართველი იბრძლებს.

60 კგ წონით კატეგორიაში თემურ ნოზაძე იასპარეზებს. ქართველი ძიუდოისტი ტურნირზე განთესილია და ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება. ნოზაძის მეტოქე ავსტრალიელი ჯოშუა კაცი იქნება. მისი დამარცხების შემთხვევაში კი ფრანგ ტეო რაოლ ჰერბერსა და ეკვადორელ ხუან აიალას შორის გამარჯვებულს შეხვდება.

66 კგ-ში პარიზის გრანდ სლემზე ბაგრატ ნინიაშვილი იჭიდავებს. პირველ წრეში მისი მეტოქე ეკვადორელი ლენინ პრესიადო იქნება. ქართველის ბადეში ასპარეზობს ამ წონითი კატეგორიის ლიდერი, მოლდოველი დენის ვიერუ.

73 კგ წონით კატეგორიაში ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი იასპარეზებს. ქართველი წონის ლიდერია და, შესაბამისად, განთესილია. ლაშა მეორე ეტაპზე დომინიკის რესპუბლიკის წარმომადგენელ ანტონიო ტორნალსა და ლიეტუველ კესტუსის ვიტკაუსკასს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

57 კგ-ში ქალთა შორის ნაკრების დებიუტანტი მარიამ ციხელაშვილი გამოვა. 27 წლის ქართველი მეორე წრეში კუბელ არნაეს ოდელინ გარსიას დაუპირისპირდება. შარშანდელ ტურნირზე ქართველმა ძიუდოისტებმა ოთხი მედალი მოიპოვეს: ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) ჩემპიონი გახდა, ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო ჯაბა პაპინაშვილი (60 კგ) და ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

საფრანგეთის დედაქალაქში წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით – 11:0-ზე ,ფინალური ბლოკი კი 20 საათზე დაიწყება.