პარიზის „გრანდ სლემი“ -  81 კგ. კობა მჭედლიშვილი ტურნირს გამოეთიშა [ვიდეო]

2019 წლის პირველი „დიდი მუზარადის“ ტურნირის დასკვნით დღეს, „ბერსი არენაში“ გაშლილ ტატამებზე ხუთი ქართველი ასპარეზობს. საქართველოს ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ნოდარ მეტრეველმა, 81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ერთ ძიუდოისტი, კობა მჭედლიშვილი წაიყვანა.

22 წლის ქართველი ფალავანი ტურნირში პირველივე წრიდან ჩაერთო, სადაც მისი მეტოქე ბელგიელი სემი ჩოუჩი იყო. სტარტიდან წუთნახევარში მსაჯმა ბელგიელი ტატამიდან გასვლისთვის გააფრთხილა. საფინალო სირენამდე ერთი წუთით ადრე მან მეორე შიდოც მიიღო, თუმცა მაშინ როცა ორთაბრძოლის დასრულებამდე 32 წამი იყო დარჩენილი, ჩოუჩიმ მჭდლიშვილი დააიპონა და მედლისთვის ბრძოლის შანსი დაუკარგა.

დღესვე, ორ-ორი ქართველი იჭიდავებს 100 კილოგრამამდე და მძიმე წონით კატეგორიებში. 100-ში საქართველოს ღირსებას ვარლამ ლიპარტელიანი და ლაშა ტაველური, მძიმეში კი ონისე ბუღაძე და გიორგი ზაქარიაძე დაიცავენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს მიმდინარე პარიზის „გრანდ სლემზე“ უკვე სამი მედალი აქვს. ფინალში წააგო და ვერცხლს დაეუფლა ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.) ლაშა შავდათუაშვილს (73 კგ.) და თეიმურაზ ნოზაძეს (60 კგ.) კი ბრინჯაოს მედლები ერგოთ.