პარიზის „გრანდ სლემი“ - 60 კგ. ​თეიმურაზ ნოზაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [ვიდეო]

პარიზის „გრანდ სლემის“ პირველ დღეს, ვაჟთა სამი წონითი კატეგორიიდან სამივეში საქართველოს ფინალურ ბლოკში წარმომადგენელი ჰყავდა.

მათგან პირველი, თეიმურაზ ნოზაძემ 60 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში, ისრაელის წარმომადგენელ დანიელ ბენ დავიდს დაუპირისპირდა. ნოზაძემ თავიდანვე აქტიურად დაიწყო. მეტოქეს გაფრთხილება დებიუტშივე მიაღებინა. ამის შემდეგ თეიმურაზმა მეტოქეს ვაზა-არიც აუღო. საფინალო სირენამდე ერთი წუთით ადრე ნოზაძემ გაფრთხილება მიიღო, ბოლო წამებზე კი მეტოქე შებოჭვაზე დაიჭირა და „გრანდ სლემებზე“ თავისი პირველი მედალიც მიიღო. ბრინჯაოს მედალთან ერთად მან 500 სარეიტინგო ქულაც დაიმსახურა.

ნოზაძემ მესამე ადგილისთვის შეხვედრაში, ნახევარფინალში მარცხის შემდეგ გადმოერთო. ფინალში გადასასვლელი ორთაბრძოლა, 21 წლის ქართველმა ფალავანმა, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონ იაპონელთან, ნაოჰისა ტაკატოსთან წააგო. ტაკატომ საბოლოოდ პარიზის „გრანდ სლემის“ ოქროს მედალი კარიერაში მეოთხედ მოიგო.

შეგახსენებთ, რომ დღესვე 66 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის ფინალში ვაჟა მარგველაშვილი მოლდოველ დენის ვიერუს შეხვდება, 73 კილოგრამში კი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი, ბრინჯაოს მედლისთვის აზერბაიჯანელ ჰიდაიატ ჰეიდაროვს დაუპირისპირდება.

ხვალ მედლები ვაჟთა დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში გათამაშდება. ნოდარ მეტრეველის გუნდიდან „ბერსი არენაში“ წლის პირველი „გრანდ სლემის“ დასკვნით დღეს, ხუთი ძიუდოისტი – კობა მჭედლიშვილი (81 კგ.), ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ.) ლაშა ტაველური (100 კგ.), ონისე ბუღაძე (+100 კგ.) და გიორგი ზაქარიაძე (+100 კგ.) იასპარეზებს.

დატოვე კომენტარი