პარიზის „გრანდ სლემი“ - 100 კგ. ლიპარტელიანი მერვედფინალშია, ტაველური დამარცხდა [ვიდეო]
პარიზის „გრანდ სლემი“ - 100 კგ. ლიპარტელიანი მერვედფინალშია, ტაველური დამარცხდა [ვიდეო]

საფრანგეთის დედაქალაქში მიმდინარე „დიდი მუზარადის“ ტურნირის დასკვნით დღეს მედლებისთვის ბრძოლას სამი ქართველი ძიუდოისტი აგრძელებს. მერვედფინალისტები გაირკვა 100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, სადაც ვარლამ ლიპარტელიანი და ლაშა ტაველური ასპარეზობდნენ.

რეიტინგის პირველმა ნომერმა და ტურნირზე პირველ ნომრად განთესილმა ლიპარტელიანმა პირველ წრეში დაისვენა, მეორეში კი ტაილანდელ ვეი პუიანგს შეხვდა. ორთაბრძოლა ორივე სპორტსმენმა აქტიურად დაიწყო და ოთხი წუთი ისე ამოიწურა, რომ მსაჯს არცერთი გაუფრთხილებია. შეხვედრის ბედი დროის დასრულებამდე 40 წამით ადრე, ლიპარტელიანის მიერ შესრულებულმა „მოგვერდმა“ გადაწყვიტა, რომელიც მსაჯებმა ვაზა-არით შეაფასეს. საქართველოს ნაკრების კაპიტნის შემდეგი მეტოქე, ბულგარელი დანიელ დიჩევი იქნება.

ამავე წონაში ასპარეზობდა და 1/16 ფინალში დამარცხდა ლაშა ტაველური. პირველ რაუნდში ამერიკელ ელ ეი სმიტ III-სთან გამარჯვების შემდეგ, ლაშამ იაპონელი აარონ ვოლფის ბარიერი ვერ დაძლია და 40 წამში წააგო.

დღესვე ტურნირში მძიმე წონის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ, სადაც პირველი წრე გაიარეს და ასევე მერვედფინალში არიან ონისე ბუღაძე და გიორგი ზაქარიაძე. რაც შეეხება კობა მჭედლიშვილს (81 კგ.) იგი ასპარეზობას საწყის რაუნდშივე გამოეთიშა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს მიმდინარე პარიზის „გრანდ სლემზე“ უკვე სამი მედალი აქვს. ფინალში წააგო და ვერცხლს დაეუფლა ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.) ლაშა შავდათუაშვილს (73 კგ.) და თეიმურაზ ნოზაძეს (60 კგ.) კი ბრინჯაოს მედლები ერგოთ.