პარიზის „გრანდ სლემი“ + 100 კგ. ბუღაძე და ზაქარიაძე მერვედფინალში არიან [ვიდეო]
პარიზის „გრანდ სლემი“ + 100 კგ. ბუღაძე და ზაქარიაძე მერვედფინალში არიან [ვიდეო]

პარიზში მიმდინარე წლის პირველ „დიდი მუზარადის“ ტურნირზე, ასპარეზობაში მძიმეწონოსნებიც ჩაერთნენ, სადაც საქართველოს ორი წარმომადგენელი, ონისე ბუღაძე და გიორგი ზაქარიაძე ჰყავს და პირველი წრე ორივე მათგანმა წარმატებით გაიარა.

პირველი ტატამზე ონისე ბუღაძე გავიდა, რომლის მეტოქეც ყაზახი ადილ ორაზბაიევი იყო. ძიუდოისტებმა ძირითადი დროის საწყის სამ წუთში ორ-ორი გაფრთხილება მიიღეს. ამის შემდეგ ქართელი ფალავანი კიდევ უფრო გააქტიურდა, რამაც შედეგი ორთაბრძოლის დასრულებამდე ორი წამით ადრე გამოიღო. ონისემ მოწინააღდეგე სწორედ საფინალო სირენასთან ერთად დააიპონა. მერვედფინალში ბუღაძის მეტოქე, ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი იაპონელი, კოკორო კაგეურა იქნება.

გიორგი ზაქარიაძისა და მონღოლი ცეცენცენგელ ოდხუს დაპირისპირებაც ანალოგიური სცენარით წარიმართა. სპორტსმენები დასკვნით წუთამდე აქაც ორ-ორი შიდოთი მივიდნენ. ორთაბრძოლის დასრულებამდე 40 წამით ადრე კი ზაქარიაძემ თავისი მორიგი მცდელობა წარმატებით დააგვირგვინა და მერვედფინალის საგზურიც მოიპოვა. ზაქარიაძის შემდეგი მეტოქე, აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი, უშანგი კოკაური იქნება.

დღესვე მედლებისთვის ბრძოლას ორი ქართველი 100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაშიც აგრძელებს. ვარლამ ლიპარტელიანი და ლაშა ტაველური 1/16 ფინალში არიან. რაც შეეხება კობა მჭედლიშვილს (81 კგ.) იგი ასპარეზობას საწყის რაუნდშივე გამოეთიშა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს მიმდინარე პარიზის „გრანდ სლემზე“ უკვე სამი მედალი აქვს. ფინალში წააგო და ვერცხლს დაეუფლა ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.) ლაშა შავდათუაშვილს (73 კგ.) და თეიმურაზ ნოზაძეს (60 კგ.) კი ბრინჯაოს მედლები ერგოთ.