პარიზის დიდი სლემის კენჭისყრა - ქართველების მეტოქეები და პარიზული ისტორია
პარიზის დიდი სლემის კენჭისყრა - ქართველების მეტოქეები და პარიზული ისტორია

ხვალიდან პარიზის „ბერსი არენაში“ წლის პირველი დიდი სლემი დაიწყება. ტურნირზე, რომელშიც 71 ქვეყნის 403 სპორტსმენი დარეგისტრირდა, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – ირაკლი ცირეკიძემ 12 ძიუდოისტი წაიყვანა. პირველ დღეს ტატამზე ქალთა ოთხი და მამაკაცთა სამი წონითი კატეგორიის სპორტსმენები გავლენ. ქართველი ძიუდოისტები მხოლოდ ვაჟთა შორის იასპარეზებენ.

  • – 60 კგ – პაპინაშვილის მეცხრე პარიზული გრანდ სლემი და ჩხვიმიანის მორიგი შანსი

11 თებერვალს ასპარეზობაში ოთხი ჩვენებური ჩაერთვება. -60 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს ღირსებას  ამირან პაპინაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი დაიცავენ. კენჭისყრაზე პაპინაშვილი პირველ ნომრად,  ჩხვიამინი კი მეექვსე ნომრად იყო განთესილი. ისინი ბადის სხვადასხვა მხარეს არიან და ერთმანეთთან შეხვედრა წარმატების შემთხვევაში ფინალამდე არ მოუწევთ. პირველ წრეში ორივე მათგანი ისვენებს. პაპინაშვილისთვის ეს რიგით მეცხრე პარიზული გრანდ სლემია. მან ამ ტურნირზე ორჯერ ვერცხლის მედლის, ოთხჯერ კი ბრინჯაოს მედლის დაუფლება მოახერხა. ამჯერად პაპინაშვილის პირველი მეტოქე გერმანელი მორიც პლავფკისა და ჩინელი ი შანგს  შორის გამარჯვებული იქნება.

პირველ წრეში გაირკვევა ლუხუმ ჩხვიმიანის მეტოქეც. მერვედფინალში იგი ამერიკელ ადონის დიასსა და ესპანელ ხუაკინ გომისს შორის უძლიერეს დაუპირისპირდება. ჩხვიამიანისთვის ეს უკვე მეოთეხე პარიზული გრანდ სლემია, თუმცა ლუხუმი აქამდე კვარცხლბეკზე არ შემდგარა.  ამ წონით კატეგორიაში ტურნირზე სულ 23 ძიუდოისტი იასპარეზებს.

  • – 66 კგ – მარგველაშვილი შარშანდელი შედეგის გასაუმჯობესებლად

ეს წონითი კატეგორია -73-თან ერთად არის ის,  რომელშიც საქართველოს თითო წარმომადგენელი ეყოლება. ტურნირის შარშანდელი პრიზიორი (ბრინჯაო) ვაჟა მარგველაშვილი  წელსაც ფავორიტთა შორისაა და მეორე ნომრად არის განთესილი. ამ წონაში თავი 37- მა ძიუდოისტმა მოიყარა. ევროპის 2016 წლის ჩემპიონი, რომელიც „ბერსი არენის“ ტატამზე ხვალ მესამედ გავა და C ჯგუფში, მეორე წრიდან ჩაერთვება. მისი მეტოქე ასევე პირველ წრეში დასვენებული ალჟირელი, აფრიკის მოქმედის ჩემპიონი – ჰოუდ ზოურდიანი  იქნება. წარმატების შემთხვევაში კი მერვედფინალში ბენინელ – დაგასა და ამერიკელ – ვარგასს  შორის გამარჯვებულს შეხვდება. ამავე ჯგუფშია მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, უკრაინის სახელით მოასპარეზე ქართველი – გიორგი ზანთარაიც. წინასწარი პროგნოზებით ნახევარფინალის საგზურისთის ბრძოლაც სწორედ ამ ორ ძიუდოისტს შორის უნდა გაიმართოს.

  • – 73 კგ – შავდათუაშვილის მესამე ცდა

კენჭისყრაზე პირველ ნომრად იყო განთესილი ლაშა შავდათუაშვილი.  -66 კგ-ის მსგავსად ამ წონაშიც 37 სპორტსმენი დარეგისტრირდა. ტიტულოვან ქართველი, წელს პარიზში ნავსის გატეხვას უნდა შეეცადოს. შავდათუაშვილისთვის აღნიშნულ ტურნირზე წელს მედლის მოპოვების მესამე მცდელობა იქნება. წინა ორში ჩვენი ოლიმპიური ჩემპიონი ტურნირს საწყის ეტაპებზევე გამოეთიშა. წელს, ლაშას პირველი მეტოქე, პირველ წრეში, კანადელი –  ანტუან ბუშარისა და ჩინელი – დაგა ქინგის შეხვედრის შემდეგ გაირკვევა. ამავე ჯგუფის კიდევ ერთი ფავორიტი, შარშანდელი „ძიგარო კანოს“ გამარჯვებული იაპონელი – არატა ტაცუკავაა. ორივე ძიუდოისტის წარმატებით ასპარეზობის შემთხვევაში მათი გზები მეოთხედფინალში გადაიკვეთება.

  • – 81 კგ – რეხვიაშვილი და ტატალაშვილი სატურნირო ბადის სხვადასხვა მხარეს 

ამ წონით კატეგორიაში მედლებისთვის ყველაზე მეტი – 44 სპორტსმენი იბრძოლებს. ტურნირის შარშანდელი ფინალისტი ზებედა რეხვიაშვილი – წელს მეთექვსმეტედფინალიდან ჩაერთვება, მისი პირველი მეტოქე კი, მოლდოველი  -დორინ გოტონოაგასა  და ისრაელის წარმომადგენელი ევროპის ჩემპიონის – საგი მუკის (2015) ორთაბრძოლის შემდეგ გაირკვევა. ამავე  B ჯგუფშია მსოფლიოს  ჩემპიონატის პრიზორი (2015) ბრაზილიელი ვიქტორ პენალბერი.  წონის პირველი ნომერი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი (ორივე 2015) ჰოლანდიელი – ფრანკ დე ვიტი A ჯგუფშია და მისი და ზებედას გზები ნახევარფინალამდე არ იკვეთება. სამაგიეროდ მასთან ჯგუფში შარშანდელი „ძიგარო კანოს“ სამხრეთ კორეელი ფინალისტი -სუნგჰო ლი და აზიის მოქმედი ჩემპიონი იაპონელი – სოტარო ფუჯივარა არიან.

ამავე წონაში წელს დებიუტი ექნება ნუგზარ ტატალაშვილს. მიუხედავად იმისა, რომ წელს ტატალაშვილისთვის მეექვსე პარიზის დიდი სლემია, ამ წონაში მას აქამდე არ უასპარეზია. საუკეთესო შედეგი – მეხუთე ადგილი კი 2016 წელს -73 კილოგრამში აჩვენა.  ნუგზარის პირველი მეტოქე მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი (2010) ბრაზილიელი  –  ლეანდრო გუილეირო იქნება, გამარჯვების შემთხვევაში კი იაპონელ – ტაკეში სასაკის დაუპირისპირდება.  ამავე D ჯგუფში პირველ ნომრადაა განთესილი ამერიკის კონტინეტის ჩემპიონატის ხუთგზის პრიზიორი არგენტინელი  – ემანუელ ლუცენტი.

ამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტები ბადის სხვადასხვა მხარეს არიან და წარმატებით ასპარეზობის შემთხვევაში ერთამანეთს ფინალამდე არ შეხვდებიან.

  • – 90 კგ – ღვინიაშვილი პირველი პარიზული მედლის მოპოვებას ეცდება, მარგიანი კი “ბერსი არენას” ოთხი წლის შემდეგ უბრუნდება

ამ წონაში ორი ქართველი -ბექა ღვინიაშვილი და უშანგი მარგიანი  იასპარეზებენ. ღვინაშვილისთვის ეს პარიზის მეოთხე დიდი სლემია. საუკეთესო შედეგი – მეხუთე ადგილი კი მან შარშან აჩვენა. ორგანიზატორებმა კენჭისყრაზე ბექა პირველ ნომრად განთესეს და შედეგად A ჯგუფში მოხვდა, სადაც პირველი შეხვედრის ჩატარება მეორე წრეში მოუწევს. მისი მეტოქე 1/32 ფინალში გაირკვევა, სადაც ერთმანეთს ბენინელი – აბიოლა დოსუ იოვო და აზერბაიჯანელი აბდულაჰ რასულუ ხვდებიან. მეთექვსმეტედფინალში გამარჯვების შემთხვევაში ბექა ჯგუფის ნახევარფინალში სამხრეთ კორეელ – ჯეიონგ ლიისა და ფინელ – იაკო ალის შორის მოგებულს შეხვდება.

B ჯგუფში მოხვდა ტურნირის მეხუთე ნომერი – უშანგი მარგიანი. ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების ვერცხლისმედალოსანი ქართველი ფალავნისთვის ეს პარიზში მეორე ცდა იქნება, პირველად მან ამ ტურნირზე 2014 წელს იასპარეზა და ტურნირს საწყის ეტაპზევე გამოეთიშა. წელს მარგიანი პირველ წრეში ისვენებს 1/16 ფინალში კი არაბთა გაერთინებული ემირატების წარმომადგენელ – მიჰაი მარჩიტანს შეხვდება. ამ ჯგუფის პირველი ნომერი იაპონელი – კენტა ნაგასავაა.

ღვინიაშვილი და მარგიანი სატურნირო ბადის ერთ მხარეს არიან და წარმატებით ასპარეზობის შემთხვევაში ერთმანეთს ნახევარფინალში დაუპირისპირდებიან.

ამავე წონაში C ჯგუფში მოხვდა და მეორე ნომრადად განთესილი ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლზ შერაზადაშვილი.

  •  -100 კგ – ლიპარტელიანი მესამედ გაჩემპიონებას შეეცდება, ტაველური კი პარიზში წარმატების მიღწევას მეორე ჯერზე ცდის

ამ წონაში (31 მონაწილე) კვარცხლბეკზე ასვლას ვარლამ ლიპარტელიანი და ლაშა ტაველური შეეცდებიან. პაპინაშვილის მსგავსად, წელს ლიპარტელიანისთვისაც მეცხრე პარიზული გრანდ სლემი იქნება. „ლიპომ“ ამ ტურნირზე წელს წასული ქართველებიდან ყველაზე ტიტულოვანია. იგი ორჯერ (2013 და 2015)  ჩემპიონი გახდა, ამდენივეჯერ ბრინჯაოს მედალს (2016; 2017) ერთხელ კი ვერცხლს (2014) დაუფლა. ლიპარტელიანი C ჯგუფში მოხვდა და პირველი წრიდან ჩაერთვება, სადაც ამერიკელ ელ ეი სმიტს შეხვდება. ამის შემდეგ კი უკრაინელ ანტონ სავიცკისა და ბელორუს დანიელ მუკეტეს შორი მოგებულს დაუპირისპირდება. ამავე ჯგუფში ასპარეზობს ტიტულოვანი ფრანგი – სირილ მარე, რომელთან დაპირისპირებაც, ფავორიტების გამარჯვების შემთხვევაში ლიპარტელიანს მეოთხედფინალში მოუწევს.

ლაშა ტაველური, რომელსაც პარიზში დებიუტი შარშან ჰქონდა, წელს ბედს მეორედ ცდის. ლიპარტელიანის მსგავსად ასპარეზობაში ლაშაც პირველივე წრიდან ჩაერთვება სადაც სლოვაკ მიროსლავ დზურს შეხვდება. ამ ეტაპის გადალახვის შემთხვევაში კი მას ტურნრისა და მთლიანად წონის პირველი ნომერი მიქაელ კორელი ელოდება, რომელიც პირველ წრეში დაისვენებს.

ლიპარტელიანი და ტაველური წარმატებით ასპარეზობის შემთხვევაში ერთმანეთს ფინალამდე არ შეხვდებიან.

  • + 100 კგ – ქართული დაპირისპირების მოლოდინი

ქართული დუელი ყველაზე პროგნოზირებადი მძიმე წონაშია. ორივე ქართველი – გურამ თუშიშვილი და ლევან მატიაშვილი ერთ ჯგუფში მოხვდა. ამ წონით კატეგორიაში ყველაზე ნაკლები,  22 ძიუდოისტი მონაწილეობს. რეტინგის მეორე და ტურნირის პირველი ნომერი,  თუშიშვილი A ჯგუფში თვაიდანვე განითესა, კენჭისყრამ კი მერვე ნომერი მატიაშვილიც აქვე მოახვედრა. ლევანისთვის ეს პარიზში მეოთხე გამოსვლა იქნება, აქამდე კი საუკეთესო შედეგი (მეხუთე ადგილი) 2016 წელს დააფიქსირა. მატიაშვილი პირველ წრეში დაისვენებს, მერვედფინალში კი ასევე დასვენებულ ალჟირელს, აფრიკის ჩემპიონატის სამგზის პრიზიორ – მოჰამედ ტაიეს შეხვდება.

ასევე მერვედფინალიდან დაიწყებს თუშიშვილიც, რომლის მეტოქეც მასპინძელი – ჰამზა უშანისა და ბელორუსი – ულადისლაუ  ციარპიცკის დაპირისპირებით გაირკვევა. გურამისთვის წელს პარიზში მესამე ცდაა, ევროპის მოქმედი ჩემპიონი,  ქართველი ფალავანი შარშან მეხუთე ადგილს დასჯერდა, წელს კი სპეციალისტები მძიმე წონის მთავარ ფავორიტად ასახელებენ. მით უმეტეს, რომ თანამედროვე ძიუდოს ლეგენდა – ტედი რინერი ტურნირზე არ მონაწილეობს.

პარიზის გრანდ სლემი ორი დღე გაგრძელდება. 10 თებერვალს „ბერსი არენაში“ მედლები, ვაჟთა შორის – 60; -66 და -73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან, 12-ში კი ტატამი -81; -90; -100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებში მოასპარეზეებს დაეთმობათ. წინასწარი შეხვედრები თბილისის დროთ 13:00-ზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი სტარტს 20:00-ზე აიღებს.