პარიზის დიდი მუზარადის ბადეები ცნობილია - 9 თებერვალს ექვსი ქართველი ძიუდოისტი იწყებს
პარიზის დიდი მუზარადის ბადეები ცნობილია - 9 თებერვალს ექვსი ქართველი ძიუდოისტი იწყებს

9-10 თებერვალს საფრანგეთის დედაქალაქში  წლის პირველი დიდი მუზარადის ტურნირი გაიმართება. საქართველოს ნაკრებში მთავარი მწვრთნელის დებიუტია. ნოდარ მეტრეველის გუნდიდან, პირველ დღეს  „ბერსი არენას“ დარბაზში გაშლილ ტატამზე ექვსი ძიუდოისტი იასპარეზებს. ორდღიანი ტურნირის გახსნით დღეს მამაკაცთა შორის, ტრადიციულად მედლების სამი კომპლექტი თამაშდება.

60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, საქართველოს ღირსებას თემურ ნოზაძე და ჯაბა პაპინაშვილი დაიცავენ. ორივე მათგანი შეჯიბრში მეორე წრიდან, ანუ 1/16 ფინალიდან ჩაერთვება. ნოზაძე „ბ“ ჯგუფში განთესილ ესპანელს, ფრანსისკო გარიგოსს შეხვდება. ბადის ამ მხარესვეა, სამგზის მსოფლიოს ჩემპიონი იაპონელი​ ნაშოია ტაკატო. „დ“ ჯგუფში, საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძესთან ორთაბრძოლით დაიწყებს ჯაბა პაპინაშვილი. ამ ჯგუფში განთესილი ყაზახი იელდოს სმეტოვია.

ორი ქართველი იასპარეზებს 66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაშიც. პირველ წრეში დაისვენებს და 1/16 ფინალიდან დაიწყებს ნიკო ჭიკაიძე. ახალგაზრდა ქართველი ფალავანის პირველი მეტოქე, პერუელი ხუან პოსტიგოსისა და მონღოლი მუხბაიარ ნერგუის ორთაბრძოლაში გაირკვევა. ამ ჯგუფში და მთლიანად წონაში, პირველ ნომრად ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი იაპონელი, ჰიფუმი აბეა განთესილი. „ც“ ჯგუფში განთესილია ვაჟა მარგველაშვილი, რომელიც პირველ წრეში დაისვენებს, მეორეში კი ფრანგი კევინ აზემას და ფილიპინელი შუგენ ნაკანოს შორის მოგებულს შეხვდება.

73 კილოგრამის „ა“ ჯგუფში და მთლიანად ტურნირზე პირველ ნომრადაა განთესილი, ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი. ტიტულოვანი ქართველი ძიუდოისტი პირველ წრეში დაისვენებს, მეორეში კი მასპინძელი ლუკა ორმანეს და არაბთა გაერთიანბული საამიროების წარმომადგენელ ვიქტორ სცვორტოვს შორის უძლიერესს შეხვდება. ტურნირში პირველი წრიდან ლაშა გიუნაშვილი ჩაერთვება, რომელიც ალჟირელ ფეტი ნოურინეს დაუპირისპირდება. ამ ჯგუფში განთესილი, კიდევ ერთი მსოფლიოს ჩემპიონი იაპონელი, სოიჩი ჰაშიმოტოა.

60; 63 და 73 კილოგრამ წონით კატეგორიებში ქართველი ძიუდოისტების გზები ფინალამდე არ იკვეთება.

რაც შეეხება ტურნირის მეორე დღეს, დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში მედლებისთვის კიდევ ხუთი ქართველი იბრძოლებს. ნოდარ მეტრევლმა, პარიზში მხოლოდ 90-კგ-ში მოასპარეზე ძიუდოისტები არ წაიყვანა. რაც შეეხება დანარჩენ წონებს, 81 კგ-ში კობა მჭედლიშვილი იასპარეზებს. საკუთარი ქვეყნის ღირსებას 100 კგ-ში ვარლამ ლიპარტელიანი და ლაშა ტაველური, ხოლო მძიმე წონაში ონისე ბუღაძე და გიორგი ზაქარიაძე დაიცავენ.

წინასწარი შეხვედრები ხუთ ტატამზე ჩატარდება და ორივე დღეს თბილისის დროით 12:00-ზე დაიწყება. ფინალური ბლოკი კი ერთ ტატამზე იქნება და სტარტს 20:00-იდან აიღებს.