„პარი სენ-ჟერმენი“ საფრანგეთის თასის ფინალში გავიდა - გოგლიჩიძის „ემპოლი“ ნახევარფინალში დამარცხდა #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენი“ საფრანგეთის თასის ფინალში გავიდა - გოგლიჩიძის „ემპოლი“ ნახევარფინალში დამარცხდა #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენი“ საფრანგეთის თასის ნახევარფინალში „დიუნკერკს“ ესტუმრა და, დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, ფინალში გავიდა – 4:2.

„პიერ მაუროს“ სტადიონზე გამართული მატჩი ხვიჩა კვარაცხელიამ ინტოქსიკაციის გამო გამოტოვა. თუმცა Geo Team-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელი თავს უკეთ გრძნობს და 5 აპრილს „ანჟერის“ წინააღმდეგაც ითამაშებს.

გადამწყვეტი დაპირისპირება ფინალში ადგილის მოსაპოვებლად ფრანგულ გრანდსა და რანგით მეორე ლიგის გუნდს შორის მოულოდნელი სცენარით განვითარდა – ანგარიში „დიუნკერკმა“ მე-7 წუთზე ვინსენ სასოს გოლით გახსნა, ხოლო მუჰანად ალ საადმა 27-ე წუთზე მასპინძელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა.

ანგარიში შესვენებამდე (45) უსმან დემბელემ შეამცირა. მეორე ტაიმში ჯერ მარკინიოსმა წონასწორობა (48) აღადგინა, ხოლო დეზირე დუემ (62) პსჟ წინ გაიყვანა, საბოლოო ანგარიში კი ისევ დემბელემ (90+4) დააფიქსირა.

საფრანგეთის თასის ფინალში „პარი სენ-ჟერმენი“ „კანი“-„რეიმსის“ ნახევარფინალური წყვილის გამარჯვებულს შეხვდება. მატჩი 2 აპრილს გაიმართება, ხოლო ფინალი – 24 მაისს.

იტალიის თასის ფინალში გასვლის შანსი ჰქონდა საბა გოგლიჩიძის „ემპოლის“, მაგრამ ნახევარფინალში საკუთარ მოედანზე „ბოლონიასთან“ 0:3 დამარცხდა და რეალური შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა. საქართველოს ნაკრების მცველი მოედანზე 62-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც სამივე გოლი გატანილი იყო.