პარასპორტის განვითარების ცენტრს აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშე ეწვია
პარასპორტის განვითარების ცენტრს აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშე ეწვია

პარასპორტის განვითარების ცენტრმა საქართველოს ღია ჩემპიონატს პარა მაგიდის ჩოგბურთში პირველად უმასპინძლა. შეჯიბრში მონაწილეობა 17-მა სპორტსმენმა მიიღო. გოგონებში პირველი ადგილი მარი ტოპოლიანმა დაიკავა, ვაჟებში კი გიორგი ჯინჭარაძემ.

ჩემპიონატს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კულტურის ატაშე ჯულიუს ცაი დაესწრო. მან თბილსის პარასპორტის განვითარების ცენტრი დაათვალიერა და პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან შალვა მაისურაძესა და გენერალურ მდივანთან რევაზ რევაზიშვილთან ორმხრივი თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრა. აქცენტი გაცვლით პროგრამაზე გაკეთდა, რომლის ფარგლებშიც ქართველი პარასპორტსმენები და მწვრთნელები კვალიფიკაციის ასამაღლებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრებიან. ასევე, საქართველოს პარალიმპიური მოძრაობის მხარდასაჭერად, ქართველი კოლეგების გასაცნობად და გამოცდილების გასაზიარებლად იგეგმება, ამერიკელი პარასპორტსმენების ვიზიტი საქართველოში.

დღესვე, თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრს 23-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ. ისინი ეტლით მოფარიკავეთა ვარჯიშს დაესწრნენ და პარასპორტის ამ და სხვა სახეობებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

დატოვე კომენტარი