პარამსროლელთა მსოფლიო თასის გათამაშებაზე ლადო ჭინჭარაულმა წარმატებით იასპარეზა

22:59, 26.07.2019

ხორვატიის ქალაქ ოსიეკში მიმდინარე პარამსროლელთა მსოფლიო თასის გათამაშებაზე დღეს საკმაოდ წარმატებით გამოვიდა ლადო ჭინჭარაული. ფინალამდე მას სულ მცირე – 0.4 დააკლდა. ქართველმა პარამსროლელმა პნევმატური თოფით სროლაში საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა 625.6 ქულით დაასრულა და საბოლოოდ მე-10 ადგილზე (104.3; 104.2; 104.5; 104.2; 104.7; 103.7) გავიდა. ფინალში გამსვლელი ქულა 626.0 აღმოჩნდა.

ჭინჭარაულმა ცოტა ხნის წინ ამერიკის ღია პირველობაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ოქტომბერში ის ავსტრალიაშიც პარამსროლელთა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოვა, სადაც ტოკიოს 2020 წლის პარალიმპური თამაშების ლიცენზიები გაიცემა.​

ოსიეკში კი მსოფლიოს თასის მფლობელი ახალზელანდიელი მიხაელ იონსონი გახდა 252.5 ქულით. მეორე-მესამე ადგილები უკრაინელებმა გაინაწილეს, შესაბამისად, ვასილ კოვალჩუკმა 251. 9-ით და ვიტალი პლაკუშჩიმ – 230.0-ით.

მსგავსი