პარალიმპიადა 2020 | ირმა ხეცურიანი და ნინო თიბილაშვილი მეოთხედფინალში არიან #1TVSPORT
პარალიმპიადა 2020 | ირმა ხეცურიანი და ნინო თიბილაშვილი მეოთხედფინალში არიან #1TVSPORT

ტოკიოს პარალიმპიადის პირველ სათამაშო დღეს წარმატებული სტარტი აიღეს ქართველმა ხმლით მოფარიკავეებმა – ირმა ხეცურიანმა და ნინო თიბილაშვილმა. ინდივიდუალურ პირველობაში მათ ხუთ-ხუთი ბრძილოს ჩატარება მოასწრეს და მეოთხედფინალში არიან.

B კატეგორიაში მოასპარეზე ირმა ხეცურიანმა წინასწარ ჯგუფურ ეტაპეზე წარუმატებლად დაიწყო გამოსვლა და დათმო პირველი ორი შეხვედრა – პარალიმპიადების ორგზის ჩემპიონთან (2004, 2012) და ხუთგზის მედალისტთან, ტაილანდელ საისუნე იანასთან (4:5) და ჩინელ რონ სიაოსთან (4:5). თუმცა, შემდეგ ზედიზედ სამი ბრძოლა მოიგო: დაამარცხა გერმანელი სილვი ტაუბერი (5:2), იტალიელი როსანა პასკინო (5:4) და ამერიკელი ტერი ჰეიესი (5:1). ეს საკმარისი აღმოჩნდა მეოთხედინალში გასასვლელად, სადაც ხეცურიანის მეტოქე ისევ როსანა პასკინო იქნება.

ნინო თიბილაშვილი A კატეგორიაში გამოდის. წინასწარ ჯგუფურ ეტაპზე მან პირველ ორ შეხვედრაში რუსეთის პარალიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი ევგენია სიჩოვა (5:0) და კანადელი რუთ სილვი მორელი (5:2) დაამარცხა, რის შემდეგაც ზედიზედ ორი ორთაბრძოლა დათმო – პოლონელ კინგა დროსძთან (1:5) და ჩინელ ჰაიან გუსთან (4:5).

ამის გამო, ქართველი მოფარიკავე პირდაპირ მეოთხედფინალში ვერ გადავიდა და მოუწია მერვედფინალში იტალიელ ლორედანა ტრივილიასთან ასპარეზობა, რომელიც 15:9 დაამარცხა და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა, სადაც უკრაინელ ნატალია მორკვიჩს შეხვდება. ეს უკანასკნელი რეიტინგის მეორე ნომერია, მსოფლიოს ჩემპიონატებზე შვიდი მედალი აქვს მოპოვებული, მათ შორის, სამი -ოქროსი. მეოთხედფინალამდე უკრაინელმა ყველა შეხვედრის მოგება შეძლო.

მეოთხედფინალური შეხვედრები თბილისის დროით 8 საათზე და 40 წუთზე დაიწყება.