პაპუნაშვილთან ერთად - ინჯგიამ ესპანეთს „აპოლონი“ ამჯობინა #1TVSPORT
პაპუნაშვილთან ერთად - ინჯგიამ ესპანეთს „აპოლონი“ ამჯობინა #1TVSPORT

რეზი ინჯგია კარიერას კვიპროსის ვიცე-ჩემპიონ ლიმასოლის „აპოლონში“ გააგრძელებს, – ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

„საფეხბურთო კლუბი „აპოლონი“ აცხადებს, რომ შეთანხმება მიღწეულია ქართველ ფეხბურთელ რევაზ ინჯგიასთან, რომელიც კონტრაქტს 2023 წლის მაისამდე გააფორმებს. ხელშეკრულების რატიფიცირება მოხდება მას შემდეგ, რაც ფეხბურთელი აუცილებელ სამედიცინო გამოკვლევებს გაივლის“, – წერია კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე.

რეზი ინჯგია 2000 წელსაა დაბადებული, არის ფლანგის თავდამსხმელი. 20 წლის ფეხბურთელმა კარიერა თბილისის „ლოკომოტივში“ დაიწყო (32 მატჩი, 3 გოლი). 2020 წელს გადაიყვანეს „თელავში“, სადაც 2021 წლის მაისამდე ითამაშა და 13 მატჩში ერთი გოლი გაიტანა.

საქართველოს პირველი არხის ცნობით, ინჯგიამაპოლონთან“ 2+2 ოფციით გააფორმა ხელშეკრულება. მას კლუბი 2020 წლიდან აკვირდებოდა და როდესაც „თელავში“ სისტემატურად ათამაშდა და ფორმა აღიდგინა, კონტრაქტის გაფორმება ამის მერე გადაწყდა.

შეგახსენებთ, რომ „აპოლონში“ გიორგი პაპუნაშვილი თამაშობს, რომელიც კვიპროსზე 2021 წლის დასაწყისში სარაგოსას „რეალიდან“ გადავიდა. ლიმასოლის გუნდის მთავარ მწვრთნელად გერმანელი ალექსანდრე ცორნიგერი დანიშნეს, რომელიც „ლაიფციგში“ (2012-2015), „შტუტგარტში“ (2015) და „ბრონდბიუში“ (2016-2019) მუშაობდა. მას სწრაფი მოთამაშეები სჭირდებოდა, ინჯგია კი სწორედ ძალიან დიდი სისწრაფით გამოირჩევა.

20 წლის თავდამსხმელით ესპანური კლუბებიც იყვნენ დაინტერესებულები, მაგრამ საბოლოოდ, ამჯობინა, რომ ევროპული კარიერა კვიპროსიდან ჯობდა დაეწყო, თანაც „აპოლონი“ კვიპროსის ვიცე-ჩემპიონია და ევროპის ლიგაზე ითამაშებს.

კვიპროსული გუნდი უკვე შეიკრიბა და სეზონისთვის მზადება დაიწყო, რეზიც კვირპოსშია, მწვრთნელი და გუნდელები გაიცნო და მზადებას შეუდგა, 13 ივნისიდან კი გუნდი პირველ შეკრებაზე გაემგზავრება.