პაპუნაშვილს რამდენიმე ვარიანტი უკვე გამოუჩნდა - მენეჯერის თქმით, გიორგი „აპოლონს“ იანვარში დატოვებს #1TVSPORT
პაპუნაშვილს რამდენიმე ვარიანტი უკვე გამოუჩნდა - მენეჯერის თქმით, გიორგი „აპოლონს“ იანვარში დატოვებს #1TVSPORT

გიორგი პაპაუნაშვილი კვიპროსის ჩემპიონატის ლიდერს, ლიმასოლის „აპოლონს“ იანვარში დატოვებს – ინფორმაციას კვიპროსული გამოცემები ავრცელებენ.

„ლიმასოლის „აპოლონის“ იანვრის სატრანსფერო ფანჯარა საინტერესო უნდა იყოს. გუნდს ხარისხობრივად და რაოდენობრივადაც ძლიერი შემადგენლობა ჰყავს. მაგრამ ცხადია, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, კიდევ უფრო გაძლიერებას შეეცდება. საკადრო საკითხებზე გადაწყვეტილებებს მთავარი მწვრთნელი ალექსანდრე ზორნიგერი საშემოდგომო ეტაპის ბოლო ტურის შემდეგ მიიღებს. მაგრამ გერმანელი სპეციალისტი სიახლეებს საიდუმლოდ ინახავს. ახლა მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ გიორგი პაპუნაშვილი გუნდიდან წავა“, – წერს კვიპროსული გამოცემა philenews.

ქართველი ნახევარმცველის აგენტმა ლევან ზუხბაიამ ფეხბურთელის შესაძლო ვარიანტების შესახებ კომენტარი საქართველოს პირველ არხთან გააკეთა.

„ახლა „აპოლონთან“ კონტრაქტის გაწყვეტის დეტალებს განვიხილავთ და შევეცდებით, ისეთი პირობებით წამოვიდეთ, რაც ფეხბურთელისთვის საინტერესო იქნება. სავარაუდოდ, გიორგი „აპოლონს“ იანვარში დატოვებს. პარალელურად, დაინტერესებულ გუნდებთან ვმუშაობთ. არის წინადადებები პოლონეთიდან, უნგრეთიდან, უკრაინიდან, ისრაელიდან და თურქეთიდან. მაგრამ არჩევანის გაკეთებას ჯერ არ ვჩქარობთ, რადგან სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კიდევ სხვა წინადადებები გამოჩნდება და მზად ვართ, ყველა საინტერესო წინადადება განვიხილოთ“, – განაცხადა ლევან ზუხბაიამ საქართველოს პირველ არხთან.

ფეხბურთელის აგენტის თქმით, მთავარია, რომ პაპუნაშვილს ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვს:

„საბედნიეროდ, გიორგი ჯანმრთელადაა და სრულფასოვნად ვარჯიშობს. ასეთ ფიზიკურ ფორმაში, დიდი ხანია, არ ყოფილა და მზადაა ახალი გამოწვევისთვის, ფიზმომზადებაში დამატებით მწვრთნელი ჰყავს, ხოლო პროფესიონალიზმით ის ისედაც გამორჩეული იყო. იცის სწორად კვება, როდის დაიძინოს და ა.შ. დარწმუნებული ვარ, სწორად შერჩეულ გუნდში ის საკუთარ პოტენციალს აუცილებლად გამოავლენს“.