პაპუნაშვილის სადებიუტო საგოლე გადაცემა - აზაროვი განაცხადში იყო, თოლორდავამ შეუცვლელად ითამაშა #1TVSPORT

გიორგი პაპუნაშვილმა ნიშის „რადნიჩკიში“ სერბეთის სუპერლიგაში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა და თავი პირველივე მატჩში გამოიჩინა.

ქართველი ფეხბურთელის ახალმა კლუბმა სერბეთის ჩემპიონატის მე-7 ტურის შეხვედრა „ნოვი პაზართან“ საკუთარ მოედანზე გამართა და 1:3 დამარცხდა.

მასპინძელთა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა „რადნიჩკის“ ქართველმა ცენტრალურმა მცველმა ანტონ თოლორდავამ. პაპუნაშვილი კი მოედანზე 61-ე წუთზე გამოჩნდა და 90+2-ე წუთზე საგოლე გადაცემა შეასრულა – გიორგიმ მეკარესთან პირისპირ ნიკოლა სტულიჩი დატოვა, რომელმაც პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხა.

მე-6 ტურის შეხვედრაში „ცრვენა ზვეზდამ“ შინ „ვოჟდოვაცი“ მიიღო და 4:0 დაამარცხა. გუნდის განაცხადში იყო ირაკლი აზაროვი, მაგრამ ბელგრადელთა შემადგენლობაში სადებიუტო მატჩის გამართვის საშუალება არ მისცემია.

6 ტურის შემდეგ სერბეთის ჩემპიონატს „ცრვენა ზვეზდა“ 15 ქულით ლიდერობს, ხოლო ნიშის „რადნიჩკიმ“ მხოლოდ 2 ქულის დაგროვება მოახერხა და ბოლოდან მეორე (მე-15) ადგილზეა.