პაპუნაშვილი „აპოლონში“ ოფიციალურად ჩაირიცხა - ეს ამბიციური გუნდია
პაპუნაშვილი „აპოლონში“ ოფიციალურად ჩაირიცხა - ეს ამბიციური გუნდია

სარაგოსას „რეალიდან“ ლიმასოლის „აპოლონში“ გადასვლაზე გიორგი პაპუნაშვილმა თანხმობა დეკემბერში განაცხადა და კლუბებმა ყველა დეტალი შეათანხმეს. თუმცა, 25 წლის ქართველი ფეხბურთელი კვიპროსში ჩასვლას ვერ ახერხებდა. პრობლემები მხოლოდ ახალი წლის შემდეგ მოგვარდა და საქართველოს ნაკრების 25 წლის ფეხბურთელი ლიმასოლის კლუბში ოფიციალურად ჩაირიცხა – ინფორმაციას „აპოლონის“ ვებგვერდი ავრცელებს.

„საფეხბურთო კლუბმა, ლიმასოლის „აპოლონმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქართველ ფეხბურთელ გიორგი პაპუნაშვილთან მოლაპარაკება დასრულდა და ხელშეკრულება გაფორმდა. კონტრაქტის გაფორმებამდე, მან საჭირო სამედიცინო გამოკვლევები წარმატებით გაიარა“, – წერია ლიმასოლის კლუბის ვებგვერდზე.

გიორგიმ კარიერა „დინამო თბილისში“ დაიწყო და ოთხი წელი ითამაშა, გარდა 2015-2016 წლების სეზონისა, როდესაც ბრემენისვერდერ 2-ში“ იჯარით წავიდა. შემდეგ ის ესპანეთში გადავიდა, სადაც თამაშობდა „რეალ სარაგოსაში“ და „რასინგ სანტანდერში“. კვიპროსული კლუბის ახალწვეულმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 17 მატჩი ჩაატარა.

„უპირველეს ყოვლისა, ყველას ახალ წელს ვულოცავ და მსოფლიოში ყველა ადამიანს საუკეთესოს ვუსურვებ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ „აპოლონში“ ჩავირიცხე და გუნდის წევრი გავხდი. ჩემთვის „აპოლონი“ ახალი კარიერის დასაწყისის შესაძლებლობაა. ეს ამბიციური გუნდია, რომლიც ცდილობს, მოიგონ ყველა ტურნირი. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ კლუბმა ყველა თავის მიზანს მიაღწიოს“, – განაცხადა ქართველმა ფეხბურთელმა.

ცნობილი გახდა, რომ გიორგი პაპუნაშვილსაპოლონთან“ კონტრაქტის გაფორმების შემდეგ 19-ნომრიანი მაისური გადასცეს. მისი ახალი კლუბი ზაფხულში ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „საბურთალოს“ შეხვდა და 5:1 დაამარცხა.

შესაძლოა, გიორგი პაპუნაშვილმა ახალ გუნდში პირველი შეხვედრა დღეს თემურ ქეცბაიას გუნდის წინააღმდეგ ჩაატაროს – კვიპროსის ჩემპიონატში მე-17 ტურში ფამაგუსტას „ანორთოსისი“ ლიმასოლში კონკურენტ „აპოლონს“ ესტუმრება.