პაპუნაშვილი „აპოლონში“ დარჩა და თავი გამოიჩინა - ქართველი ნახევარმცველი ძალიან კარგად გამოიყურებოდა #1TVSPORT
პაპუნაშვილი „აპოლონში“ დარჩა და თავი გამოიჩინა - ქართველი ნახევარმცველი ძალიან კარგად გამოიყურებოდა #1TVSPORT

გიორგი პაპუნაშვილი ლიმასოლის „აპოლონში“ დარჩა და ამხანაგურ შეხვედრაში თავი მშვენიერი თამაშით გამოიჩინა. საქართველოს ნაკრების კანდიდატი გუნდიდან წასვლის კანდიდატი იყო, მაგრამ ბოლო ერთ კვირაში ვითარება შეიცვალა და გამართლდა მოსაზრება, რომ მას შანსს მისცემდნენ.

ასეც მოხდა და „პაფოსთან“ ამხანაგურ შეხვედრაში შანსი მიეცა. „აპოლონის“ მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდრე ზორინგერმა შემადგენლობაში ბევრი ცვლილება განახორციელა ტეტს-მატჩში, რომელიც „ცირიოს“ სტადიონზე გაიმართა და მისი გუნდი 1:2 დამარცხდა.

პაპუნაშვილი „აპოლონის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და მართალია, გოლით თავი არ გამოუჩენია, მაგრამ გამოცემა „კერკიდამ“ სწორედ მისი კარგი თამაში გამოარჩია.

„ალექსანდრე ზორნიგერს ჰქონდა შანსი „პაფოსთან“ გამართულ ამხანაგურ ტესტ-მატჩიდან სასარგებლო დასკვნები გამოეტანა. მატჩის ბოლო ნახევარ საათში „აპოლონის“ მწვრთნელმა შემტევი დაბო-იანკას დუეტი გამოსცადა და სრულიად კმაყოფილი დარჩა. ლიმასოლის გუნდმა აჩვენა, რომ ადვილად ქმნის საგოლე მომენტებს. მათ მხოლოდ რეალიზაცია აკლდათ. დუეტმა „პაფოსთან“ ამხანაგურ მატჩში კი აჩვენა, რომ მათ ამ პრობლემის მოგვარება შეუძლიათ. ამავე დროს, პაპუნაშვილს მნიშვნელოვანი როლი ერგო და მისი დამსახურებაცაა, დაბო-იანკამ კარგად რომ ითამაშეს, რადგან ქართველი ნახევარმცველი ძალიან კარგად გამოიყურებოდა და ორივე ფლანგს კარგად ამარაგებდა“, – წერს ბერძნული გამოცემა „კერკიდა“.