პაპუნა ფონიავა - ბედნიერი ვარ, რომ გავიტანე და „სამგურალი“ ფინალში გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT
პაპუნა ფონიავა - ბედნიერი ვარ, რომ გავიტანე და „სამგურალი“ ფინალში გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს პირველ არხთან კომენტარი გააკეთა ნახევარმცველმა, პაპუნა ფონიავამ, რომლის გოლითაც წყალტუბოს „სამგურალი“ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალში გავიდა.

„ძალინ გახარებულები ვართ გამარჯვებით და ფინალში გასვლით. ვულოცავ „სამგურალის“ ყველა გულშემატკივარს. ძალიან დიდი შრომა გავწიეთ, რომ აქამდე მოვსულიყავით. ვფიქრობ, დღევანდელი ეს წარმატება დავიმსახურეთ. მინდა აქვე ვისარგებლო და გულშემატკივარს გადავუხადო უდიდესი მადლობა, რომლსაც ამ წვიმაში ტრიბინუდან ფეხი არ მოუცვლია და ბოლომდე გვერდში გვედგა“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან პაპუნა ფონიავა.

ქობულეთის „ჩელე-არენაზე“ გამართული მატჩის 89-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 2:2 იყო, პაპუნა ფონიავამ ეფექტური დარტყმით მასპინძელთა კარი აიღო და „სამგურალი“ ფინალში გაიყვანა – 2:3. მას კომენტარი ამ გოლზეც ვთხოვეთ:

„ჩემს გოლს რაც შეეხება, ლამაზიც გამოვიდა და ჩემთვის და მთელი გუნდისთვის ემოციური და მნიშვნელოვანიც გამოდგა, რადგან შეხვედრაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. ძალინ სასიხარულოა, გუნდს ასე რომ ეხმარები. ორმაგად გასახარია, როდესაც შენი გოლით გუნდი ფინალში გადის, მაგრამ ეს გოლი მარტო ჩემი დამსახურება არ არის. ამ ეპიზოდს თუ გაიხსენებთ, შენიშნავდით, რომ გუნდმა ბოლომდე იბრძოლა და ეპიზოდში ბევრი ფეხბურთელი მონაწილეობდა, მოგება კი ყველა მოთამაშის დამსახურებაა“.

სამგურალი“დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა, არსებობის ისტორიაში კი – მესამედ. ფინალში წყალტუბოელთა მეტოქე „საბურთალო“ იქნება, რომელმაც ბათუმის „დინამო“ 2:1 დაამარცხა.

რა შანსები აქვს „სამგურალს“ თასის ფინალში? პაპუნა ფონიავამ ამ კითხვაზეც გვიპასუხა:

„ვფიქრობ, როდესაც ფინალში გადიხარ, არ აქვს მნიშვნელობა, შენს წინააღმდეგ ვინ თამაშობს. ყველა ფინალისტი დასაფასებელია და ამავე დროს, ყველა გუნდთან შანსი გვაქვს. ვფიქრობ, წყალტუბოს „სამგურალი“ ისეთი ორგანიზებული და დაკომპლექტებული გუნდია, ფინალი ღირსეულად გამოვიდეს“.