პაპინაშვილი ნახევარფინალშია, მარგველაშვილი და შავდათუაშვილი რეპეშაჟში | ძიუდო - გუანჯოუს მასტერსი [ვიდეო]
პაპინაშვილი ნახევარფინალშია, მარგველაშვილი და შავდათუაშვილი რეპეშაჟში | ძიუდო - გუანჯოუს მასტერსი [ვიდეო]

ჩინეთში მიმდინარე წლის ბოლო მნიშვნელოვან ტურნირზე, რუს ისლამ იაშუევთან შესრულებული ბრწყინვალე იპონით მოიპოვა ნახევარფინალის საგზური ამირან პაპინაშვილმა (60 კგ.). ქართველმა ძიუდოისტმა ეფექტური გდება რუს სპორტსმენთან, ძირითადი დროის დასრულებამდე 40 წამით ადრე შეასრულა, მანამდე მეტოქეებს ორ-ორი შიდო ჰქონდათ მიღებული. ფინალში გადასასვლელად პაპინაშვილს, მონღოლი ამარტუვშინ დაშდავაას დამარცხება მოუწევს.

ოქროს მედლისთვის ბრძოლას, ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.) გამოეთიშა. ლაშამ, აზერბაიჯანელი რუსტამ ორუჯოვის ბარიერი ვერ გადალახა. მეოთხედფინალურ შეხვედრაში, ტიტულოვანმა გორელმა ძიუდოისტმა სამი გაფრთხილებით წააგო. შავდათუაშვილმა ორი შიდო ძირითად დროში მიიღო, ერთი კი დამატებით დროის ორი წუთის გასვლის შემდეგ და შედეგად მესამე ადგილისთვის ბრძოლას გააგრძელებს. რეპეშაჟში შავდათუაშვილის მეტოქე, კოსოვოელი აკილ გიაკოვა იქნება.

ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსიღა შემორჩა კიდევ ერთ გორელ ძიუდოისტს, ვაჟა მარგველაშვილს (60 კგ.). ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორი ქართველი ფალავანი, ყაზახ იელდოს ზუმაკანოვთან ნახევარ წუთში დამარცხდა. რეპეშაჟში მარგველაშვილი, მონღოლ ხარენ განბოლდს შეხვდება.

შეგახსნებთ, რომ დღესვე მერვედფინალში, ტურნირს კიდევ ერთი ქართველი, ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ.) გამოეთიშა.

დატოვე კომენტარი