პაოკ-მა ნინუა „ანორთოსისში“ არ გაუშვა - დარჩენა თავად ფეხბურთელმა ამჯობინა
პაოკ-მა ნინუა „ანორთოსისში“ არ გაუშვა - დარჩენა თავად ფეხბურთელმა ამჯობინა

ნიკა ნინუა „ანორთოსისში“ იჯარით აღარ გადავა, რადგან 21 წლის ქართველმა ნახევარმცველმა სალონიკის პაოკ-ში დარჩენა ისურვა და ბერძნულ კლუბში სათამაშო დროის გაზრდას იმედოვნებს, – ინფორმაციას ბერძნული გამოცემა „სპორტ24“ ავრცელებს.

„ფამაგუსტას „ანორთოსისში“ ნიკა ნინუას იჯარით გადასვლა, დიდი ალბათობით, გამოირიცხა. ინფორმაციის თანახმად, პაოკ-მა უკვე შეატყობინა კვიპროსული გუნდის ხელმძღვანელობას, რომ ტექნიკური პერსონალის გადაწყვეტილებით, 21 წლის ქართველი ნახევარმცველი გუნდში დარჩება და მასთან დაკავშირებით ახალ გადაწყვეტილებას გააცნობენ. საკითხის გადაწყვეტილებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თავად ფეხბურთელის სურვილმა, დარჩეს პაოკ-ში და მწვრთნელისგან შანსს დაელოდოს“, – წერს გამოცემა „სპორტ24“.

კვიპროსული გამოცემა „სპორტ ფმ“ კი ამტკიცებს, რომ მის ნაცვლად, შესაძლოა, თემურ ქეცბაიამ გამოცდილი ბერძენი ნახევარმცველი დაიმატოს.

„34 წლის ბერძენი ნახევარმცველი ლაზარეს ქრისტოდულოპულოუსი „ანორთოსისის“ მწვრთნელს გამორჩეულად აინტერესებს და სავარაუდოდ, ეს საკითხი საბოლოოდ უახლოეს 24 საათში გაირკვევა. ლაზაროსი თამაშობს „ატრომიტოსში“, რომელთანაც მას ხელშეკრულება წლის ბოლომდე აქვს გაფორმებული. ამასობაში, „ანორთოსისის“ პრეზიდენტი ევგენიოს ამბულასი შეხვდება ქეცბაიას და ძირითადად სატრანსფერო საკითხებზე იმსჯელებენ“, – ამტკიცებს „სპორტ ფმ“.