პანდემიის პერიოდის პირველი მერცხალი - ზივზივაძემ და „მეზოკევეშდმა“ ვარჯიშები განაახლეს [ვიდეო]

კორონავირუსით გამოწვეული პაუზის შემდეგ პირველი ქართველი ლეგიონერი, რომელმაც ვარჯიში განაახლა ბუდუ ზივზივაძეა. საქართველოს ნაკრებისა და უნგრული „მეზოკოვეშდის“ ფეხბურთელმა ეს სიახლე „საქართველოს პირველ არხთან“ განაცხადა.

„უნგრეთში საგანგებო მდგომარეობა 8 აპრილამდე იყო და ძალიან გამიხარდა, რომ უნგრეთის ფეხბურთის ფედერაციამ დაგვრთო ნება, რომ ვარჯიში დაგვეწყო. ახლა 8-8 კაციან ჯგუფებად ვვარჯიშობთ და საბედნიეროდ, მოედანს დავუბრუნდით. ყოველ მეორე დღეს ვივარჯიშებთ, თუმცა, სიფრთხილეს მაინც ვიცავთ და ორმეტრიან დისტანციას ვინარჩუნებთ“ – ამბობს „საქართველოს პირველ არხთან“ ბუდუ ზივზივაძე.

ზივზივაძე ვარჯიშის განახლებით ძალიან გახარებულია: „სამკვირიანი თვითიზოლაციის შემდეგ ვარჯიშმა ძალიან კარგ განწყობაზე დამაყენა. მხოლოდ მარკეტში და სარბენად თუ გავდიოდი. ახლა უნგრეთის ყველა კლუბმა დაიწყო ვარჯიში და იმედოვნებენ, რომ ჩემპიონატს 23 მაისს განაახლებენ.“