პანდემიის გამო, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების საარჩევნო ყრილობების ჩატარების შესახებ იმსჯელებენ
პანდემიის გამო, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების საარჩევნო ყრილობების ჩატარების შესახებ იმსჯელებენ

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელები ოფიციალურად განმარტავენ, რომ კორონავირუსის პანდემია საარჩევნო პროცესზეც იმოქმედებს. პერიოდი ემთხვევა ოთხწლიან ოლიმპიურ ციკლს (იგივე ითქმის ოლიმპიური სპორტის სახეობების ეროვნულ ფედერაციებზე), რომელიც 2020 წელს სრულდება. საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში ამჟამად განიხილავენ თითოეული დაინტერესებული ეოკ-ის გარშემო შექმნილ სიტუაციას, რათა ყოველი კონკრეტული შემთხვევისთვის მოიძებნოს შესაფერისი გადაწყვეტილება. რაც შეეხება ეროვნული სპორტული ფედერაციების არჩევნებს, ეს საკითხი IOC-ის უშუალო გამგებლობაში არ შედის და ისინი კოორდინირებულად შესაბამის საერთაშორისო ფედერაციებთან და ეოკ-ებთან ერთად მოქმედებენ.

IOC-ის განმარტებით, ჯერჯერობით გარკვეული არ არის, თუ რა გავლენა ექნება ოლიმპიური თამაშების გადავადებას თავად IOC-ის პრეზიდენტის არჩევნებზე, რომელიც 2021 წლის ივლისში დაგეგმილ IOC-ის საანგარიშო სესიაზე უნდა შედგეს.

შეგახსენებთ, რომ 2013 წელს 8 წლით არჩეულ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მოქმედ პრეზიდენტს თომას ბახს უფლებამოსილების ვადა სწორედ 2021 წლის ზაფხულში ეწურება. ოლიმპიური ქარტიის თანახმად, მას უფლება აქვს კიდევ ერთხელ, ამჯერად ოთხწლიანი ვადით იყაროს კენჭი.