პალესტინის ადმინისტრაციის მთავრობა გადადგა
პალესტინის ადმინისტრაციის მთავრობა გადადგა

პალესტინის ადმინისტრაციის მთავრობა გადადგა. პალესტინური სააგენტო Wafa-ს ინფორმაციით, მთავრობამ გადადგომის წერილით პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს უკვე მიმართა, თუმცა უფლებამოსილების შესრულებას ახალი მთავრობის ფორმირებამდე გააგრძელებს.

გავრცელებული ცნობით, მთავრობის ცვლილება მაჰმუდ აბასს მოძრაობა „ჰამასზე“ ზემოქმედების გასაძლიერებლად სურს.

„ჰამასი“ ღაზას სექტორს აკონტროლებს. პალესტინის ადმინისტრაციის პრემიერ-მინისტრ რამი ჰამდალას პრესსპიკერის განცხადებით, მთავრობის ხელმძღვანელი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მიესალმება.

მაჰმუდ აბასის პარტია „ფათხსა“ და მოძრაობა „ჰამასს“ შორის კონფლიქტი 2006 წელს დაიწყო. 2017 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ღაზას სექტორში და მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ერთიანი მთავრობის ფორმირებას ითვალისწინებს. მოგვიანებით, მხარეებმა გეგმის განხორციელების გადადების გადაწყვეტილება მიიღეს.

დატოვე კომენტარი